X-XI საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება

14 ნოემბერი 2006 – 17 ნოემბერი 2006

ხელოვნების მუზეუმი

2006 წლის 14-16 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მოეწყო კონფერენცია „ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: ალავერდის ეპარქია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და ახალგაზრდა მკვლევარები.

14 ნოემბერს კონფერენცია გაიხსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა  ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. სადაც იმავდროულად გაიმართა გამოფენა ,,X-XI საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება".

ალავერდის ეპოქა შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ბრწყინვალედ არის წარმოჩენილი. ეს არის ბაგრატის ტაძრის, ოშკის, სვეტიცხოვლს, სამთავისის, კაცხის და სხვა დიდებული ტაძრების აღმშენებლობის ხანა. ამ პერიოდში იქმნება ქვაზე კვეთის, კედლის მხატვრობის, ხატწერისა და ხელნაწერი წიგნების მხატვრული გაფორმების უნიკალური ნიმუშები.

გამოიფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ალავერდის ეპოქის ამსახველი ექსპონატები, ორიგინალები და მხატვრული ასლები, ძეგლის ანაზომები და ფოტო მასალის მდიდარი კოლექცია.

გახსნის დღესვე გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიერ სამონასტრო ხელოვნების თემატიკაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაცია: ,,დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი"(ავტორები: გიორგი გაგოშიძე, ნინო ჩიხლაძე) და ,,უბისის მონასტრის XIV საუკუნის ხატები და კედლის მხატვრობა"(ავტორი: ნანა ბურჭულაძე).

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.