თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში

28 ნოემბერი 2014 – 15 იანვარი 2015

საქართველოს მუზეუმი

2014 წლის 28 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში".

ექსპოზიცია ეძღვნება თბილისის თვითმმართველობის არჩევნების 140 წლისთავს (1874 წ.18-20-23 ნოემბერი). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქალაქის თავის სამუშაო ოთახის მემორიალური ნივთები; თვითმმართველობის ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალა, როგორიცაა 1845 წლის საპატიო მოქალაქეთა სია, პირველი საარჩევნო სიები (1870), პირველი საარჩევნო კომისიის დასკვნა და სხვა. ექპოზიციაზე აგრეთვე ნაჩვენები იქნება უნიკალური დოკუმენტური კადრები თვითმმართველობის ისტორიიდან.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა თბილისის თვითმმართველობის ისტორიულ ტრადიციებს. კერძოდ, საარჩევნო პერიოდების გათვალისწინებით ნაჩვენები იქნება ის, თუ რაგააკეთა თვითმმართველობამ ქალაქისათვის კომუნალური მეურნეობის (წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა, განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა), სანიტარული დასუფთავების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის პრობლემების გადაწყვეტის მხრივ. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო თბილისის ევროპულ ქალაქად გადაქცევას.

თემა წარმოდგენილია იმ უნიკალურ და ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი სამუზეუმო მასალის საშუალებით, რაც საფუძვლად დაედო 1910 წელს ტფილისის მუნიციპალური მუზეუმის" შექმნას.

გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისათვის (თემატური გაკვეთილები, ექსკურსიები).

გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მხარდამჭერები არიან თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და თბილისის საკრებულო.

ექსპოზიცია გაგრძელდება 15 იანვრამდე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.