ბალანჩივაძეები

19 ოქტომბ. 2014 – 04 ნოემბერი 2014

საქართველოს მუზეუმი

19 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და ანდრია ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი წარმოგიდგენთ გამოფენას  ,,ბალანჩივაძეები".

დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ქართული მუსიკალური კულტურის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე, ხელოვანების მხატვრული ნამუშევრები და მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნება ჯარჯი, ნატუსია, ამირან, თამარ, ანტონ და ანდრია (უმცროსი) ბალანჩივაძეების ჯერ კიდევ უცნობი და ახალი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ოჯახის არქივში, კერძო კოლექციებსა თუ მუზეუმებში არსებული მხატვრული ნამუშევრები და ფოტო-დოკუმენტური მასალა.

წელს მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟის, მსოფლიოში ცნობილი ბალეტმაისტერისა და სახელმოხვეჭილი ხელოვანის, გიორგი ბალანჩივაძის (ჯორჯ ბალანჩინი) დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. ეს თარიღი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.გამოფენა სწორედ ბალანჩივაძეების ოჯახის ამ  სახელოვანი წარმომადგენლის ხსოვნას ეძღვნება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტში ჩართულები არიან თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმდებითი კავშირი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელწმიფო მუზეუმი.

გამოფენა გაგრძელდება 4 ნოემბრამდე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.