საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921-1978

20 სექტემბ. 2014 – 30 სექტემბ. 2014

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ გამოფენაზე „საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა 1921-1978". გამოფენა 20 სექტემბერს 17:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება. 

1919 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო-დამფუძნებელი კრება აირჩია.
დამფუძნებელი კრების 130 ადგილზე შემადგენლობის ცვლილების შედეგად დეპუტატის მანდატი 145 მოქალაქეს მიენიჭა. ეს 145 დეპუტატი საქართველოს მოსახლეობის ბოლო კანონიერ წარმომადგენლად დარჩა საქართველოს ოკუპაციის შემდგომი 70 წლის მანძილზე. საქართველოში დარჩენილთა უმრავლესობა 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, უკანასკნელი მათგანი კი  ემიგრაციაში 1978 წელს გარდაიცვალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ოკუპაციის შემდეგ განვითარებული ის საკვანძო პოლიტიკური მოვლენები, რომელშიც დამფუძნებელი კრების დეპუტატები მონაწილეობდნენ. გამოფენის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესები, დამფუძნებელი კრების დეპუტატების როლი ამ პროცესებში და მათ წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბი.

გამოფენა მომზადდა პროექტის „საბჭოთა წარსულის გააზრება" ფარგლებში ფონდის „National Endowment for Democracy"-ს  ხელშეწყობით.

გამოფენის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლიტერატურის მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი.

გამოფენა გაგრძელდება 30 სექტემბრამდე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.