პირველი ევროპელი მოზარდის მულაჟი - დმანისის მუზეუმში

27 ივნისი 2010 – 30 ივნისი 2010

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

27 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის მუზეუმში საზოგადოებას წარუდგინა დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული მოზარდის რეკონსტრუირებული ფიგურა.


2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის ნაშთებმა ფრანგ მოქანდაკეს ელისაბედ დენისს საშუალება მისცა შეექმნა მოზარდის სხეულის სრული მულაჟი.
როგორც მოგეხსენაბათ დმანისის პალეოანთროპოლოგიური კოლექცია ყველაზე მდიდარია და სრულია მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დმანისში ჰომინიდების 4 თავის ქალა, 4 ქვედაყბა და სხვადასხვა ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი. დმანისის აღმოჩენებმა სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.


2009 წლიდან დამთვალიერებელს დმანისის განახლებული მუზეუმი მასპინძლობს. ის პირველი მუზეუმია საქართველოში, რომელიც არქეოლოგიური გათხრების უბანზეა გამართული. აქ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებს, გახდეს ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე დამიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ.

პრეისტორიული გოგონას მულაჟის, ისევე როგორც მზიასა და ზეზვას, ნახვის საშუალება დამთვალიერებელს დამისის მეზეუმში 29 ივნისიდან შეეძლება.
პროექტის მხარდამჭერები არიან კომპანიები: BP, PSP, ბორჯომი. პირველი ევროპელი მოზარდის მულაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანია GPI.