ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა

15 სექტემბ. 2011 – 14 ოქტომბ. 2011

საქართველოს მუზეუმი

2011 წლის 15 სექტემბერს 19.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სიმპოზიუმის და ქვევრის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას. 

საქართველო, როგორც უძველესი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანა, კულტურული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიამ ასახვა ჰპოვა საქართველოს მატერიალურ და სულიერ კულტურაში (არქეოლოგია, ეთნოგრაფია, მითოლოგია, კულტი, ხელოვნება, ფოლკლორი).  საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შემოინახა ღვინის დაწურვის, შენახვისა და მოხმარების არქაული წესები, რაც მეღვინეობის სხვა ცენტრებში დაკარგულია. 

გამოფენაზე წარმოდგენილია მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრიდან ძვ.წ. IV საუკუნის ჩათვლით დათარიღებული სამეურნეო იარაღები - ბარი, თოხი, სასხლავი, სარცხი, ორშიმო; ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი - საწნახელი, საქაჯავი, თაღარი, ჭური, ქვევრი, ქოცო; სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისები - ხელადა, ფიალა, თასი, ჯამი, ჭინჭილა, კულა, მარანი, ყანწი და სხვა. თითოეულ ხსენებულ არტეფაქტს ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია აქვს საქართველოში. 

ორგანიზატორები არიან: UშAID -ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამა (EPI), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია “ქართული ღვინო”.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი #3.