2013 წელი ფოტოებით

03 მაისი 2014 – 13 მაისი 2014

ხელოვნების მუზეუმი

2014 წლის 3 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ჟურნალ National Geographic-ის 125-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენის გახსნაზე. გამოფენა იმართება თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ ,,ქოლგას" ფარგლებში.

წლევანდელ ,,ქოლგა თბილისი ფოტოზე" ჟურნალი National Geographic საქართველო წარმოგიდგენთ 2013 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ, მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების: მაიკლ ნიკოლსის, სტეფანი სინკლერის, ბრენტ სტირტონისა და სხვათა ნამუშევრებს.

აშშ-ის გეოგრაფიული საზოგადოება (National Geographic Society) 1888 წელს დაარსდა. 2013 წელს მან 125-ე საიუბილეო წელი აღნიშნა. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერით არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი თუ ექსპედიცია განხორციელდა. საზოგადოება National Geographic-ი წლების განმავლობაში შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე.

2014 წლიდან საზოგადოება კვლევა-ძიების ახალ ეპოქას იწყებს. თანამედროვე ტექნოლოგიები მეტ შესაძლებლობას იძლევა გამოვიკვლიოთ ის, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო ჩვენთვის. პალეონტოლოგია და არქეოლოგია, გეოგრაფია, გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ხალხები და კულტურები, მაღალი ტექნოლოგიები - იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც National Geographic-ი სწავლობს და შემდეგ მსოფლიოს ორმოცი ქვეყნის მკითხველამდე არაჩვეულებრივი სტატიებისა და შთამბეჭდავი ფოტოების სახით მიაქვს.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ.გუდიაშვილის ქუჩა 1.