დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან

26 დეკემბერი 2013 – 01 მაისი 2014

ეროვნული გალერეა

დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2013 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა.

2013 წლის 26 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,დასავლეთ ევროპის ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან".

ექვთიმე თაყაიშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და XX საუკუნის 50-იან წლებში მოღვაწეობდა. მან არა მხოლოდ ადგილი მიუჩინა უამრავ კულტურულ ძეგლს ეროვნულ საგანძურში, არამედ საფუძველი ჩაუყარა მათ მეცნიერულ შესწავლას და პოპულარიზაციას.

დიდი მეცნიერის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რომელიც ისტორიული თუ მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს. ეს ფერწერული ტილოები ქართული საგანძურის ნაწილია, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი 24 წლის განმავლობაში უვლიდა 1921-1945 წლებში საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს.

გამოფენაზე მოსულ სტუმრბეს XVI-XVIII საუკუნეების გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ მხატვრობასთან ერთად საშუალება ეძლევა იხილოს ლუკას კრანახი უფროსის მიერ შესრულებული „მაჭანკალი", აქვეა წარმოდგენილი იქნება ფრანსუა ჟერარის, ჟაკ ლუი დავიდის, ქრისტიან ერნსტისა და სხვათა ნამუშევრები.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11.