ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა

18 დეკემბერი 2013 – 29 იანვარი 2014

ეროვნული გალერეა

2013 წლის 18 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას სახელწოდებით ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა".

მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესთაგანია. ჩვენი ქვეყანა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ებრაელებს ისტორიულად არამცთუ დევნიდნენ, არამედ მათ მიმართ ყოველთვის კეთილ და მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. მეტად მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის გაგრძელება მომავალ თაობაშიც.

აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ებრაული კულტურის ამსახველი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც გასულ საუკუნეში თბილისში არსებულ ებრაულ მუზეუმში იყო გამოფენილი. მუზეუმის დახურვის შემდგომ კოლექციები სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ებრაული კოლექციის 200 ექსპონატი, რომელთა დიდ ნაწილსაც დამთვალიერებელი პირველად იხილავს. აგრეთვე მოეწყობა კატალოგის ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა" პრეზენტაცია, რომელიც ებრაულ კოლექციებთან ერთად ბოლოდროინდელ სამეცნიერო კვლევების შედეგებსაც მოიცავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.