ფოტო გამოფენა „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები"

19 დეკემბერი 2013 – 19 იანვარი 2014

ეროვნული გალერეა

2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ჰოლანდიური ფონდი არტექოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას „ერვინ ოლაფი: ლეიდენი, ისტორიის ფურცლები". გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს 19:00 საათზე.

ერვინ ოლაფის ეს ნამუშევრები შთაგონებულია შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით. ამასთანავე, ის უკავშირდება ჰოლანდიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს - 1574 წლის 3 ოქტომბერს ალყაში მოქცეული ლეიდენის ესპანელი დამპყრობელისგან გათავისუფლებას. გმირობის დასაფასებლად მეფე ვილჰელმ ორანიემ ლეიდენელებს შესთავაზა ჯილდოს სახით აერჩიათ გადასახადებისგან გათავისუფლება, ან - უნივერსიტეტის დაარსება. მრავალტანჯულმა, მაგრამ ამაყმა და გამარჯვებულმა ლეიდენელებმა უნივერსიტეტი არჩიეს. ასე დაარსდა 1575 წელს რემბრანტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.

2011 წელს ლეიდენის უნივერსიტეტისა და მუზეუმ დე ლაკენჰალის დაკვეთით ერვინ ოლაფმა შექმნა ნიდერლანდების სამეფოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული ნამუშევრები. ეს არის შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების მიერ ასახული ამ მოვლენის თანამედროვე ინტერპრეტაცია.

ერვინ ოლაფის ნამუშევრების ეს კოლექცია ლეიდენის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ის პირველად ტოვებს ქვეყნის ფარგლებს. თბილისში წარმოდგენილი იქნება 8 ნამუშევარი. პროექტი „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები" არის ჰოლანდიური ფონდი არტექოს მიერ ორგანიზებული  ფესტივალ იბერიას  მეოთხე გამოშვება. ფონდი არტექოს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლური და დასავლური კულტურების ურთიერთგაცვლას და დაახლოებას. ფესტივალი იბერია  ჰოლანდიურ და ქართველ პუბლიკას ყოველწლიურად განსაკუთრებულ სანახაობას და ღონისძიებებს სთავაზობს უმაღლესი კლასის ხელოვანთა მონაწილეობით. (მეტი ინფორმაცია იხილეთ: www.festivaliberia.nl)

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ლეიდენის უნივერსიტეტი და სხვა ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ პროექტის განხოციელებით აგრძელებს ქართულ-ჰოლანდიურ თანამშრომლობას. უკანასკნელ წლებში ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა ეროვნული მუზეუმის რამოდენიმე გამოფენა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ლეიდენის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმთან, სადაც 2009-10 წლებში წარმოდგენილი იყო დმანისის აღმოჩენები. დორდრეხტის მუზეუმმა 2012 წელს  ნიკო  ფიროსმანის 45 ნამუშევარს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული მუზეუმისორგანიზებით თბილისის ისტორიის მუზეუმში 2010 წელსგაიმართა ქართულ-ჰოლანდიური თანამედროვეხელოვნების გამოფენა სახელწოდებით  „საზღვრებს მიღმა".საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ოცი წლისთავის აღსანიშნავად 2012 წლის მაისში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა  XVII- XIX საუკუნეების ჰოლანდიური ფერწერის გამოფენა.

გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა.

გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.

ერვინ ოლაფი

ერვინ ოლაფმა (1959) სახელი გაითქვა თავისი დახვეწილი, გონებამახვილური სტილით, რომლითაც შესრულებულია მისი თანამედროვე ფოტოსერიები და ასევე კომერციული ფოტოები. მას სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს ათეულობით მთავარი პრიზი. მისი ფოტონამუშევრები ცნობილი ბრენდების - Heineken, BMW, Microsoft, Hennessey, Nokia, Levi's, Diesel და ა.შ. სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. ერვინ ოლაფის ნამუშევრებში იგრძნობა კლასიკური ხელოვნებისადმი არამარტო პატივისცემა და სიყვარული, არამედ - ღრმა ცოდნაც. ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.