საჯალაბო სახლი

25 აგვისტო 2013 – 30 იანვარი 2015

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მე-19 საუკუნის სამეგრელოს სახლს, მისი კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას.

სტუმრებს სახლის ზღურბლზე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ოჯახის უფროსი და დიასახლისი ეგებებიან, აცნობენ ოჯახის ისტორიას, უთხრობენ სამეურნეო კულტურის, რწმენის, ტრადიციებისა და წარმოდგენების შესახებ. ინტერიერი გამდიდრებულია შესაბამისი ექსპოზიციითა და ცოცხალი პროდუქტებით. ეზოში დათესილია ძველი კულტურები: სიმინდი, სელი, მუხუდო და სხვა.

ყოველ შაბათ-კვირას შუაცეცხლზე მზადდება ტრადიციული საკვები - იხარშება ღომი. შუა-ცეცხლზე იბოლება ოჯანჯალზე ჩამოკიდებული სულუგუნები. დამთვალიერებელს, სურვილისამებრ, შეუძლია დაეხმაროს დიასახლისს სხვადასხვა ხელსაქმეში, საკვების მომზადებაში; აგრეთვე, დააგემოვნოს ცხელი ღომი და ყველი.

ჩვენი მიზანია, მსგავსი ღონისძიებებით, მოხდეს ცოცხალი ტრადიციების აღორძინება, შენარჩუნება და მისი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.