ილუსტრირებული მელოდიები

22 მარტი 2013 – 02 აპრილი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 22 მარტს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გასული საუკუნის ე.წ. 60-ელ მხატვართა თაობის წარმომადგენლების, ტყუპი ძმების, ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების ნამუშევართა გამოფენას ,,ილუსტრირებული მელოდიები".

ავთანდილ ვართაგავა ფერმწერი, გრაფიკოსი, პოეტი და ხელოვნებათმცოდნეა. იგი 1966-78 წწ-ში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, ხოლო ტარიელ ვართაგავა ფერწერასა და გრაფიკაში მოღვაწეობდა. ის ასევე წერდა ლექსებს, იყო ხატმწერი. ორივე შემოქმედისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრესკული მხატვრობა და ხატწერა.

ძმები ვართაგავები პერსონალურ გამოფენებსაწყობდნენ თბილისში, ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფურ ექსპოზიციებში ამიერკავკასიასა და საქართველოში. მათი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის, კანადის, რუსეთის, იტალიის, გერმანიის კერძო კოლექციებში.

1970-74 წლებში ლადო გუდიაშვილის რედაქტორობით ორჯერ გამოიცა ძმები ვართაგავების შემოქმედების ამსახველი კატალოგი. მათ მიერ შექმნილ პოეტურ-ლირიკული ხასიათის სხვადასხვა კომპოზიციაში მძლავრად აისახა სხვადასხვა რომანტიკულ-აბსტრაქტული თემატიკა: ხელოვნება, მუსიკა, ტრფობა; თავი იჩინა ფანტასტიკისადმი მათეულმა დამოკიდებულებამაც; იგრძნობა სიურრეალიზმის გავლენა, პლასტიკურობისა და ბუნებრივი ფორმების მრავალსახოვნად წარმოჩენის სურვილი. მათი მხატვრობის თავისებურება თემატურ-შინაარსობრივი მრავალფეროვნებაა. ეს გამოფენა კი ამის საუკეთესო ილუსტრაციაა. ამიტომ დამთვალიერებელს ძმები ვართაგავების პოეტურ სამყაროში საინტერესო მოგზაურობა ელის.

გამოფენა 2013 წლის 2 აპრილამდე გასტანს.

მისამართი: სიონის ქ.#8, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა.