გიორგი გომიაშვილის (1972-2012) პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა

09 ნოემბერი 2012 – 20 ნოემბერი 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის 9 ნოემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი გომიაშვილის (1972-2012) პირველ პერსონალურ ფოტოგამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი გომიაშვილის ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი ორმოცი ფოტო, რომელიც გამორჩეულად წარმოაჩენს თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა სახვით ფორმას. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი, ფლეტჩერის სამართლისა დიპლომატიის სახელმწიფო სკოლა ჰარვარდში, ხოლო 2005 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხარისხი მიიღო. 1996 წლიდან, 2012 წლის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოში ტოიოტა ცენტრში, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი გომიაშვილი 2006 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1934 წლიდან არსებობს და გამორჩეულ ფოტომოყვარულებს უწყობს ხელს საკუთარი შემოქმედების განვითარებაში. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართველი ფოტოგრაფი გახდა ამ საზოგადოების წევრი.

გიორგი გომიაშვილის ფოტოები სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თავისუფალ ფოტოგრაფიას და სხვადასხვა თემაზე ინტერპრეტირებას. მის ნამუშევრებს გრაფიკული იერი დასდევს, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ტენდენციაა და რომლითაც ბევრი მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე ფოტოგრაფი იყო დაინტერესებული.

ფართო საზოგადოება გაეცნობა გიორგი გომიაშვილის მიერ შექმნილ გრაფიკულ ფოტოებს და თავისუფალი სტილის და ჟანრის ნამუშევრებს, რაც უახლესი სახელოვნებო პროცესის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).