ეროვნული საგანძური საქართველოშია

27 ოქტომბ. 2009 – 27 ოქტომბ. 2009

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების გამოფენებს 2007-2009 წლებში ევროპისა და აშშ-ს ცნობილმა მუზეუმებმა უმასპინძლეს.

გამოფენებზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ქ. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ოქრომჭედლობის 150 უნიკალური ექსპონატი (ძვ.წ.აღ.- V,VI,III,სს.). ესენია: ოქროს და ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები, იარაღები, საყოფაცხოვრებო და საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები, კერამიკის ჭურჭელი, მინის მძივები და სანელსაცხებლები.

საქართველოს სახელმწიფო პროექტის "ქართული სეზონის ფარგლებში"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ კოლექციას მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

ექსპოზიციებს თან ახლდა სხვადასხვა ღონისძიებები: სამეცნიერო კონფერენციები, სადაც მომხსენებლებად მიწვეულები იყვნენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი არქეოლოგები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ადგილობრივი სკოლებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის და უცხოეთში მაცხოვრებელი ქართველებისათვის ეწყობოდა.

გამოფენებისათვის მომზადდა შესანიშნავად ილუსტრირებული კატალოგები და წიგნები გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე. ამ გამოცემებში ქართველი და უცხოელი მეცნიერების სტატიებია წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოგვითხრობენ. აღნიშნული გამოცემების ათასობით ეგზემპლარი გაიყიდა.