ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130

17 ივლისი 2019 – 19 სექტემბ. 2019

სიღნაღის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130" სიღნაღის მუზეუმში.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მნიშვნელოვანია მისი როლი კინომხატვრობასა და თეატრის მხატვრობის სკოლის ჩამოყალიბებაში.

მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე, ხატწერის ნიმუშებს; შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმის ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურასა და ავეჯის ესკიზებზე.

საბჭოთა საქართველოში, მისი შემოქმედების თემატიკას განსაზღვრავდა რეჟიმის იდეოლოგიური მოთხოვნები, თუმცა იგი სარკაზმნარევი ირონიით ახერხებდა აესახა თანამედროვეობა. მხატვარი ქმნიდა ქალაქის ურბანულ ხედებს, სოფლის პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნიუს და სურათებს ისტორიულ სიუჟეტებზე.

ბევრი სხვა მხატვრის მსგავსად, ვ. სიდამონ-ერისთავს საბჭოთა კავშირში, XIX საუკუნის მიწურულის, რუსული სკოლის ქართველ მიმბაძველად მიიჩნევდნენ. მისი შემოქმედების ექსპონირებისას ყველაზე აკადემიურ, ტიპიურ ნამუშევრებს ირჩევდნენ, რამაც ხელი შეუწყო მისი მემკვიდრეობის ზედაპირულ გაგებასა და მივიწყებას.

მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვ. სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები. გამოფენაზე ასევე იხილავთ საარქივო კადრებს მხატვრის მიერ გაფორმებული ფილმებიდან - „ჩემი ბებია" (1929. რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „სინათლე" (1922. რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი), „გოგი რატიანი" (1927. რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი). ფილმში „გოგი რატიანი" სცენოგრაფიასთან ერთად, თვითონ პერსონაჟებია საინტერესო - ფილმში მონაწილეობენ ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ვხედავთ თავად სიდამონ-ერისთავს, იგი საკუთარ თავს - ფერწერის მასწავლებელს განასახიერებს. გამოფენაზე კინოკადრებთან ერთად, თეატრის მხატვრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც იქნება წარმოდგენილი.

თანამშრომლობისთვის, მასალის მოწოდებისა და გამოყენების უფლებისთვის მადლობას ვუხდით:
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმს
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მუზეუმს
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუზეუმს
საქართველოს ეროვნულ არქივს
„ბაია" გალერეას
სს "ქართულ ფილმს"

გამოფენის გახსნა: 17 ივლისი, 2019 | 15:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 17 ივლისი - 19 სექტემბერი | 2019 
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი


გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

◆  მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
ზრდასრული - 7 ლარი;
სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერი - 0.5 ლარი;
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები - 1 ლარი;
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლარი
6 წლამდე ბავშვებისთვის ვიზიტი თავისუფალია

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის, მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის, მხატვართა კავშირის წევრებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის.