მუზეუმის ფესტივალი: ქეთი კაპანაძე - 8 წუთი

19 მაისი 2018 – 20 ივნისი 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

15-30 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს გერმანიაში მოღვაწე  მხატვრის, ქეთი კაპანაძის ნამუშევრების გამოფენას  „8 წუთი".

ქეთი კაპანაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს, იყო თბილისში  გამოცემული პირველი თანამედროვე არტ-ჟურნალის, „Signal"-ის თანაავტორი.

ქეთი კაპანაძემ სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო გამოფენებში: ლუდვიგის მუზეუმი, გერმანია; ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, აშშ; ჰამბურგის ეროვნული გალერეა და მრავალი სხვა. 1980-იანი წლები ქეთი კაპანაძის, როგორც მხატვრის შემოქმედების დასაწყისია, ის პირველი მხატვარი ქალია, ვინც საქართველოში კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაზე მუშაობდა.

პროექტი „8 წუთი" წარმოგვიდგენს მხატვრის შეკითხვას, თუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ - ეს კითხვა არ ეხება ჩვენს ისტორიას და გენეტიკას, ეს ეხება დედამიწას, მზეს და გალაქტიკას. ყველაზე დიდი მისტერია მხატვრისათვის სიტყვის წარმოქმნის პროცესია - ის, თუ საიდან ჩნდება აზრი და რა ხერხით აისახება ის ჩვენს გონებაში, თუ როგორ იღებს ფონეტიკური სიხშირე სიტყვის ფორმას. რა არის თვითონ სიტყვა? როგორ აღწერს სიტყვა მნიშვნელობას და როგორ ხდება თავისივე სიმბოლო? სიმბოლო იგივეა რაც კოდი, კოდით კი შეიძლება გეომეტრიული ან სხვა სტრუქტურების აგება. ხშირად გვესმის, რომ ინფორმაცია ენერგიაა, არის კი სიტყვა ენერგია თუ მხოლოდ აღწერს მას?  შეუძლებელია ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, რადგან ჩვენი ცნობიერება უსასრულოდ შლად ყვავილს გავს, რომელიც ბოლომდე არასოდეს იშლება.

თავის ნამუშევრებში, ავტორი ფოკუსირდება ინდივიდზე. სწორედ ეს ფორმა ხდება მისი კონცეპტუალური მეთოდი, სადაც ფოტოგრაფია მხატვრული გამოხატვის ხერხია.

გამოფენა ხორციელდება პროექტის  „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში.

19 მაისს, გამოფენის გახსნის დღეს, 22:00 საათზე, გაიმართება დისკუსია-საუბარი  ავტორთან.

გახსნა: 19 მაისი, 20:00

ხანგრძლივობა: 19 მაისი - 20 ივნისი

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

 

მომდევნო დღეებში ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.