გამოფენა „საზღვრებს მიღმა - გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის“.

14 დეკემბერი 2017 – 05 იანვარი 2018

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონფერენციის „საერთო მემკვიდრეობა კულტურათაშორისი დიალოგისა და განვითარებისათვის" ფარგლებში,  რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი გერმანელების დასახლების გაჩენის 200 წლისთავს გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა".

1817-1818 წლებში გერმანელი მიგრანტები, უმეტესად ვურტემბურგიდან, სამხრეთ კავკასიაში ჩამოვიდნენ და 1819 წლამდე 8 კოლონია დააარსეს. ამ მოვლენის 200-წლიან იუბილეს მიეძღვნა 2017 წელს გერმანიის საგარეო სამინისტროს მიერ ინიცირებული გამოფენა.

გამოფენის მთავარი თემებია: ვურტემბერგიდან გადმოსახლების მიზეზები; კავკასიაში დაფუძნება; ცარისტული იმიგრაციის პოლიტიკა; ახალი დასახლებების სტრუქტურების აგებულება სამხრეთ კავკასიის მრავალკულტურულ გარემოში; საზოგადოებრივი, რელიგიური და ეკონომიკური ცხოვრება გერმანულ კოლონიებში; ქალაქური ცხოვრება და საქმიანობა თბილისსა და ბაქოში; პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ცვლილებები; სამოქალაქო ომი და რევოლუციები; გასაბჭოება და მისი შედეგები გერმანელების სასოფლო და საქალაქო საზოგადოებასა და მეურნეობაზე; დევნა და დეპორტაცია ყაზახეთსა და ციმბირში და მისი დღემდე მოსული შედეგები. სამხრეთ კავკასიაში მრავლადაა შემორჩენილი გერმანულ-კავკასიური ურთიერთობის ისტორიის მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლი, რომელთა მომავლისთვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ამ მემკვიდრეობაზე ერთობლივმა ზრუნვამ და მისი შესაძლებლობების გამოყენებამ,  შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის, განსაკუთრებით გერმანიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

გამოფენის გახსნა: 14 დეკემბერი, 11:30 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 14 დეკემბერი, 2017 - 5 იანვარი, 2018

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3