ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის

27 მარტი 2019 – 27 მაისი 2019

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებენ იტალიური გამოფენების ციკლს და 27 მარტიდან წარმოგიდგენთ მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის - ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით და თითქოს მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.  

იტალიელი ხელოვანი თავის შემოქმედებაში იყენებს ეზოთერიზმის პრინციპებს და გულგრილი ვერ რჩება ენიგმატური შინაარსის მქონე მიმდინარეობის მიმართ - მან შეძლო უსულო საგნების საიდუმლო მნიშვნელობით გაჯერება, რაც კარგად ჩანს მის პირველივე მეტაფიზიკურ ნამუშევარში „შემოდგომის შუადღის ენიგმა" (The Enigma of an Autumn Afternoon").

გამოფენისთვის - „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის" შეირჩა 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი. ექსპოზიცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური" ნამუშევარიც კი ყოველთვის სიურრეალისტურ სამყაროზე მიანიშნებს.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი. გამოფენა იმართება იტალიის კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

გამოფენის ხანგრძლივობა: 27 მარტი - 27 მაისი, 2019

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11.

◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე:biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 
(გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).