დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან

26 თებერვ. 2019 – 20 სექტემბ. 2019

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან". 

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებიდან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, დიმიტრი შევარდნაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, მიხეილ ბილანიშვილისა, ფელიქს ვარლამიშვილისა და თამარ აბაკელიას ნამუშევრები - იმ მხატვრების შემოქმედება, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის ხელოვნებას საქართველოში.

XIX-XX საუკუნის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოჩენა ცხადყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, ევროპულ თანადროულ მხატვრობასთან მის მიმართებას და ამავე დროს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას. 

აღნიშნული გამოფენა, ეროვნულ გალერეაში მიმდინარე სხვა გამოფენებთან („ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია", „ქართული ხელოვნების ოსტატები") ერთად, ქართული მხატვრობის განვითარების საერთო სურათის სრულად აღქმის საშუალებას გვაძლევს.  

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11

 

*გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრები:

გიგო გაბაშვილი (1862-1936) ქართულ მხატვრობაში მონუმენტური ტენდენციების დამამკვიდრებელი და ქართული რეალიზმის უდიდესი წარმომადგენელია. მრავალფეროვანი შემოქმედებითი დიაპაზონის მქონე მხატვრისთვის ახლობელია მოვლენებისა და საგნების განზოგადებული აღქმა.

მოსე თოიძე (1871-1953) ქართულ მხატვრობაში დაზგური ტენდენციების დამამკვიდრებელი შემოქმედებით მოღვაწეობას იწყებს როგორც „პერედვიჟნიკების" მხატვართა გაერთიანების, რეალიზმისა და ილია რეპინის მიმდევარი. მის შემოქმედებაში მკვეთრად გამოიხატა სომბოლიზმის და მოდერნის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. 

ვალერიან სიდამონ-ერისთავი (1889-1943) XIX საუკუნის დასასრულის ხელოვნების ტრადიციებთანაა დაკავშირებული. 1910-იანი წლების ბოლოს სიდამონ-ერისთავის მხატვრობაში ნეორომანტიზმის ნიშნები ჩნდება, შორდება რეალიზმის ფერწერასა და თავისი ხასიათით მოდერნის სტილს უახლოვდება.

ალექსანდრე ციმაკურიძე (1881-1954) ქართული მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პეიზაჟური ჟანრის ერთ-ერთი პირველი დიდოსტატია. მხატვრის ფერწერა სამყაროს აღქმის უშუალობითა და ემოციურობით გამოირჩევა.

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი (1891-1966) ორიგინალური და დახვეწილი ფერმწერია, რომელიც ქმნიდა ჯადოსნურ სამყაროს, სადაც დროისა და ადგილის მიღმა ცხოვრობდნენ მომხიბვლელი, ლამაზად მორთული ან შიშველი ქალიშვილები, ცირკის მსახიობები - აკრობატები, ჟონგლიორები და სხვა.

დიმიტრი  შევარდნაძის (1885-1937) მხატვრობა, უპირველეს ყოვლისა მისი შემოქმედებითი ინტერესების მრავალფეროვნების მაჩვენებელია. საკუთარი შემოქმედების განმავლობაში შევარდნაძე ქმნიდა სურათებს როგორც რეალისტურ, ასევე ევროპული ავანგარდული ხელოვნების სტილში.

სერგო ქობულაძე (1909-1978) ქართული გრაფიკული ხელოვნების უდიდესი დიდოსტატი და ნათელი მხატვრული ინდივიდუალობით გამორჩეული შემოქმედია. მისი შთაგონების წყარო იტალიური რენესანსული კლასიკის სტილია.

ირინა შტენბერგის (1903-1985) ნამუშევრებში გამოკვეთილია თანდაყოლილი  ნიჭი, უცნაური ფანტაზია და ეროტიკა. მოდერნის სტილის ესთეტიკა განსაკუთრებით მომხიბვლელია შემოქმედისთვის. შტენბერგის თვითმყოფადობა და ინდივიდუალური სტილი გამოვლენილია თეატრალურ-დეკორაციულ ხელოვნებასა და მის დაზგურ მხატვრობაში.

მიხეილ ბილანიშვილი (1901-1934) - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედებაც ევროპული ხელოვნების მხატვრული ტრადიციებისა და კონტექსტში ინდივიდუალური მანერისა და დახვეწილი გემოვნების მაგალითია.

ვარლა - ფელიქს ვარლამიშვილი (1903-1986) - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომლის სამყარო მკაფიო ინდივიდუალობით გამოირჩევა. ფერადოვნება, წაგრძელებული პროპორციები, სილუეტთა გამომსახველობა განსაზღვრავს მისი  სურათების დეკორატიულობას და ყოფით თემას ყოველდღიურობის პოეზიად გარდაქმნის.

თამარ აბაკელია (1905-1953) მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და ქართულ ხელოვნებაში ეპიკური სტილის დამამკვიდრებელია. მოღვაწეობდა სახვითი ხელოვნების მრავალ დარგში და ყოველთვის აზროვნებდა როგორც მოქანდაკე. მოცულობიან ფორმათა პლასტიკურობა, რთული რაკურსები და ფორმათა განზოგადება მისი ინდივიდუალური მანერის დამახასიათებელი ნიშნებია. 

 

◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
(გთხოვთ, სალაროსთან წარმოადგინოთ თქვენი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი).