ოქროდ ქცეული სიბრძნე

06 დეკემბერი 2018 – 28 თებერვ. 2019

საქართველოს მუზეუმი

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი - ჩვენი მემკვიდრეობა: ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 6 დეკემბრიდან, წარმოგიდგენთ გამოფენას „ოქროდ ქცეული სიბრძნე", რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

წარსულის შენარჩუნება, სინამდვილესთან ზიარება და მომავლის ხედვა - ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას მუზეუმი, როგორც საგანძური და ცოდნის კერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა, რომელთა შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა.

გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად შეეძლება იხილოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები: უძველესი ტექნოლოგიების აღდგენის საფუძველზე დამზადებული როგორც საოქრომჭედლო იარაღები, ასევე თავად თასის ზუსტი ასლი და ფილმი, რომელშიც დეტალურადაა აღბეჭდილი თასის რეკონსტრუქციის პროცესი (პროექტის ავტორი ერმილე მაღრაძე).

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე პირველად წარმოდგენილი გვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები ასახავს ოქროსა და ზოგადად ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე" დამთვალიერებელს სთავაზობს შესაძლებლობას, ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაეცნოს თრიალეთის ოქროს თასის დეტალებს. თავად თასის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია „არქეოლოგიური საგანძურის" მუდმივმოქმედ  გამოფენაზე.

გამოფენას თან ახლავს სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი,  შოთა რუსთაველის გამზ. 3.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ფერნანდო ხავიერ ურკიხო. 

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.