ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

09 ოქტომბ. 2018 – 17 იანვარი 2019

ეროვნული გალერეა

9 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ ექსპოზიციას.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გამოფენილა. მათ შორისაა: „გიორგობა ბოლნისში", „კრწანისი", „თეთრი დათვი ბელებით", „გლეხის ქალი ბავშვებით", „ხუთი თავადის ქეიფი", „მზარეული", „მუშა ტიკით" და „მუშა კასრით", „თეთრი დუქანი" და სხვა.

ეროვნულ გალერეაში, ასევე, იხილავთ ნამუშევარს ,,ქორწილი კახეთში" - სწორედ ამ სურათით იწყება ნიკო ფიროსმანაშვილის ყველაზე დიდი სამუზეუმო კოლექციის შექმნა. 1916 წელს ქართველ მხატვართა საზოგადოებაში, დიმიტრი შევარდნაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ, ნიკო ფიროსმანაშვილს, დახმარების მიზნით, მცირედი თანხა გადასცეს. ამ თანხით ფიროსმანაშვილმა რამდენიმე დღეში დახატა და ქართველ მხატვართა საზოგადოებაში მიიტანა ნამუშევარი „ქორწილი კახეთში".

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11