ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო

11 სექტემბ. 2018 – 25 ნოემბერი 2018

ეროვნული გალერეა

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ გამოფენასბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო".

ჯოვან ლორენცო ბერნინი (ნეაპოლი 1598 - რომი 1680) ბაროკოს ხელოვნების დიდ სტრატეგოსად და მის უმაღლეს წარმომადგენლად გვევლინება. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი პაპის სამსახურში იყო. ის ცნობილია როგორც მოქანდაკე და არქიტექტორი, თუმცა ამავდროულად იყო ფერმწერი, სცენოგრაფი, მსახიობი და კომედიოგრაფი.  

მისი მრავალმხრივი ნიჭის გამოვლინებაა მდიდრული და საუცხოო დეკორაციები, რომელთა მასალის მრავალფეროვნება, ორნამენტული დეტალების უნაკლო სტილი და ექსპრესიულობა ხელოვნების ყველა სახეობათა სრულყოფილი ერთიანობის შექმნისკენაა მიმართული.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" დამთვალიერებელი გაეცნობა ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები - ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი შედევრები სრულყოფილად წარმოაჩენს სახვითი ხელოვნების იმ ჟანრებსა და სტილს, რომლებმაც ბაროკოს ესთეტიკა განსაზღვრა და, იმავდროულად ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის, როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი საკომუნიკაციო სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მომცველი ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია სახასიათო ნიმუშები იმ ჟანრებისა, რომელთაც აღნიშნული ეპოქის ქტიტორები ანიჭებდნენ უპირატესობას. 

გამოფენის ფარგლებში, პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.

პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'Italiana". ქართული მხრიდან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენა ხორციელდება Palazzo Chigi-სა და Global Project Consulting-თან კოლაბორაციით. გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

გამოფენის ხანგრძლივობა: 11 სექტემბერი - 25 ნოემბერი, 2018
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი 11.

გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე:biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.