ქობულეთი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ექსპოზიცია

05 ივლისი 2018 – 05 ივლისი 2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდმა ქობულეთი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში ექსპოზიცია მოაწყო, რომელიც აჭარის უნიკალურ ეკოსისტემებს,  კერძოდ კი ქობულეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს, კინტრიშის კოლხური ტიპის ტყეებსა და მათ ბიომრავალფეროვნებას ეხება.  გამოფენის მიზანია ტურისტების ინფორმირება, ის ასევე საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.

ექსპოზიციაზე თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო  და ინტერაქტიული სტენდების საშუალებით დამთვალიერებელი გაეცნობა ინფორმაციას ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათების, შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის, კინტრიშის მცენარეული საფარის ვერტიკალური ზონალობის და ასევე, ფლორისა და ფაუნის შესახებ. 

გამოფენის ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ნაწილებია ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარისა და კინტრიშის ტყის განათებული მინიმაკეტები (ლაითბოქსები). ვიზიტორს  შეუძლია გადავიდეს ტორფნარის ლაითბოქსზე გადებულ ხის საცალფეხო ხიდზე, საიდანაც ისმის ჭაობისთვის დამახასიათებელი ხმები. იქვე, ჭაობის თავზე, გამჭვირვალე ორგმინაზე იხილავთ ქობულეთის აღკვეთილზე დროებით მოფრენილ, მოზამთრე და მობუდარ ფრინველებს. 

ტორფნარის ირგვლივ დამონტაჟებულია სხვადასხვა ტიპის ინტერაქციები - მცენარეთა იმ სახეობების დაფები, რომლებიც იზრდება ტორფნარიან ჭაობებში, ასევე, წიგნი აქ გავრცელებული იშვიათი მწერების შესახებ. სენსორული ეკრანის გამოყენებით, შესაძლებელია გაეცნოთ ქობულეთის ტორფნარის ჰაბიტატებს. კინტრიშის მხარის ცენტრალური ნაწილი  მთლიანად ტყის ლაითბოქსს ეთმობა, სადაც დამთვალიერებელს ექნება საშუალება თავი წარმოიდგინოს მთიანი აჭარის ე.წ. ტყეში, გაეცნოს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას და მოისმინოს კინტრიშის ტყის ჩიტების ჭიკჭიკი და ცხოველთა ხმების აუდიო ჩანაწერი.

ექსპონატებიდან გამოფენაზე წარმოდგენილია ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლართან დაკავშირებული არტეფაქტების ასლები, რომელთა ორიგინალები დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმებში.  ასევე იხილავთ  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური ფონდის თანამშრომლის, ვალერი პეტროვის მიერ კინტრიშის ტყეში მოპოვებულ მცენარეთა ჰერბარიუმს, მწერებისა და აჭარის ტყეში გავრცელებულ სოკოთა თიხით გამოძეწილ კოლექციებს. 

ექსპოზიციის დასასრულს, სტუმრები სენსორული ეკრანის მეშვეობით იმოგზაურებენ  საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, იქვე მდებარე სტენდზე კი გაეცნობიან ინფორმაციას ქობულეთი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან უახლოეს დაცულ ტერიტორიებამდე მანძილებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გფა კონსალტინგ გრუპის (GFA ჩონსულტინგ Gროუპ) საქართველოს წარმომადგელობასთან თანამშრომლობით განხორციელდა. აღნიშნული სტრუქტურებისთვის ეს უკვე მეორე საერთო პროექტია - 2017 წელს გაიხსნა პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის  ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი. 

მისამართი: ქ.ქობულეთი. დ. აღმაშენებლის ქ. N271

ფოტო: დავით ცვარიანი