არქიტექტურული გამოფენა „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები"

27 ივნისი 2018 – 10 სექტემბ. 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ არქიტექტურულ გამოფენას „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები" თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენა ეძღვნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების 200 წლის იუბილეს.

თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ, კერძოდ, არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ორ ქვეყანაში, საქართველოსა და გერმანიაში, ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა და წარმოადგენს ორი განსხვავებული არქიტექტორების ოჯახის - ქურდიანებისა და ბიომების შემოქმედებას, მიმოიხილავს მათ შემოქმედებით ისტორიას და აქცენტს გააკეთებს მათ ცხოვრებისეულ პარალელებზე.

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება ქურდიანებისა და ბიომების საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები. არქიტექტურის ფოტოგრაფიასთან ერთად, დამთვალიერებელი ნახავს ოჯახების მდიდარ საარქივო, სამუზეუმო და საავტორო ფოტომასალას, ასევე, შენობა-ნაგებობების საარქივო ნახაზებს - მათ შორის, თბილისის ეროვნული სტადიონის არქიტექტურულ მოდელს; ფილმებს ბიომებზე; ბოლო წლების გერმანულ არქიტექტურულ გამოცემებს; ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმიდან ბიომების არქივს და ბევრ სხვა მასალას. ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობებია და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და ორივე ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო.

ბიომების ოჯახის უხუცესი, 98 წლის გოტფრიდ ბიომი ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს „პრიცკერის პრემიას" ფლობს. სწორედ ამ გამოფენის გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვლენ გოთფრიდ ბიომის ვაჟიშვილები - არქიტექტორები შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი და პაულ ბიომი.

გამოფენაზე წარმოდგენილი არქიტექტორები: დომინიკუს ბიომი (1880-1955), გოტფრიდ ბიომი, ელიზაბეტ ბიომი (1921-2012), შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი, პაულ ბიომი, გრიგოლ ქურდიანი (1873-1957), არჩილ ქურდიანი (1903-1988), ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი (1905-1988), გია ქურდიანი (1932-2014), არჩილ ქურდიანი და გიორგი ქურდიანი.

გამოფენის ავტორი და კურატორია ირინა ქურთიშვილი (კიოლნი).

გახსნა: 27 ივნისი, 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 27 ივნისი - 10 სექტემბერი, 2018
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

გამოფენის ფარგლებში გაიმართება მოხსენებები და ფილმების ჩვენება:

28 ივნისი, 16:00-18:00 საათი  
არნე შმიტის მოხსენება „მოგზაურობა ისტორიულ კიოლნში"; დისკუსია შტეფან ბიომთან, პეტერ ბიომთნ და პაულ ბიომთან. მოდერაცია: ირინა ქურთიშვილი. მოხსენება გაიმართება გერმანულ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით.

ყოველდღიური კინოპროგრამა: 

12:00-12:45 /ფილმი I
 „დინამოს სტადიონი"
რეჟისორი: შალვა შენგელია
დოკუმენტური ფილმების სტუდია "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" 2010, 42.48 წუთი, ქართულ ენაზე.
დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის „დინამოს " სტადიონის მშენებლობისა და მისი რეკონსტრუქციის ისტორიას 1936 წლიდან 2010 წლამდე. ფილმში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები თბილისის სპორტული ისტორიიდან.

13:00-13:30 /ფილმი II
„ერთსულოვანი ოჯახი"
რეჟისორი: სოფო ჩაკვეტაძე
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება" 2009, 29 წუთი, ქართულ ენაზე.
დოკუმენტური ფილმი ქურდიანების ოჯახზე მოგვითხრობს ქართველი არქიტექტორების წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე.

16:00-17:30 /ფილმი III
ბიომები - ერთი ოჯახის არქიტექტურა
რეჟისორი: მაურიციუს შტაერკლე დრუქს
გერმანია-შვეიცარია 2014, 84 წუთი, გერმანულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით
ფილმი მიმოიხილავს XX საუკუნის ეპოქას და გერმანიის დღევანდელობას; ფილმში ასახულია გერმანელი არქიტექტორების ოჯახის ისტორია და თითოეული ხელოვანის  დამოკიდებულება ერთმანეთთან.