ზურაბ ნიჟარაძე 90

01 მაისი 2018 – 20 მაისი 2018

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ზურაბ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას „ზურაბ ნიჟარაძე 90" დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკული და ფერწერული სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებიდან, ასევე მხატვრის და სხვათა კერძო კოლექციებიდან. 

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედების განვითარების ყოველი ეტაპი და ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, თავი მოუყაროს, გაამთლიანოს მხატვრის ხელოვნება და სრულყოფილად დაგვანახოს მისი ფენომენი. ექსპოზიცია საზოგადოების ერთ ნაწილს გაახსენებს, ხოლო ახალგაზრდა თაობას კი გააცნობს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ მის ნამუშევრებს. 

ზურაბ ნიჟარაძე მეგობრებმა შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვის, შემოქმედებითი თავისუფლებისა თუ ცისფერი ფერისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო ასოციაციურად პიკასოსთან დააკავშირეს და მეტსახელად პიკო შეარქვეს. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი წლების დასასრულს უმნიშვნელოვანესი კულტურული პროცესები განავითარა ქვეყანაში. 

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, კულტურის აგიტაციურ-პროპაგანდისტული ფორმების მომძლავრების მიუხედავად, ქართულ კულტურას თვითმყოფადი მხატვრული სახე არ დაუკარგავს და 50-იანი წლების ისტორიული ვითარების ფონზე მეცნიერებისა და შემოქმედების ყველა სფეროში კვლავ გაცხადდა და საინტერესოდ განვითარდა. წარმოჩინდა ახალი მსოფლმხედველობა და ახალი მხატვრული მიდგომა, რაც არსობრივად უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებული სოციალისტური რეალიზმის პრინციპებს. ამ თაობის მხატვართა შორის ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედება ერთ-ერთი გამორჩეულია და ჟანრული, თემატური, დარგობრივი თუ ტექნიკის მრავალფეროვნებით ხასიათდება. მხატვარი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში დაუსრულებელ ძიებაშია. 

შემოქმედებითი გზის დასაწყისში პოეზიით გატაცებული მხატვრის სურათები ლირიზმითაა გაჯერებული. მომდევნო - 60-70-იანი წლების მხატვრობა უფრო კონკრეტული და დახვეწილია, გამოირჩევა პორტრეტული სახეების მრავალფეროვნებით. 80-იანი წლებიდან კი ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებაში დიდი ყურადღება ეთმობა ზოგადი ხასიათის თემებს, ყოველდღიურში ფილოსოფიური საწყისის ძიებასა და სხეულის პლასტიკის ენას, მის მშვენიერებას, ფერითა და მოძრაობით შექმნილ ჰარმონიულ რიტმიკას.

გახსნა: 1 მაისი, 19:00
ხანგრძლივობა: 1-20 მაისი
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11