მოითხოვეთ ყველგან

30 მარტი 2018 – 18 აპრილი 2018

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე „მოითხოვეთ ყველგან" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

„ლაღიძის წყლები" თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლს წარმოადგენს.

ამ გამაგრილებელი სასმელების ავტორია მიტროფანე ლაღიძე (1869 -1960) - მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. 1906 წელს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, მიტროფანე ლაღიძემ თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დაარსა. ამავე წელს რუსთაველის 24-ში (ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) უალკოჰოლო სასმელების მაღაზიაც გაიხსნა, რომელიც მალევე იქცა ხელოვანების ერთ-ერთ მთავარ შეკრების ადგილად, „ლაღიძის წყლების" დაგემოვნება კი ერთგვარი რიტუალი გახდა თითოეული თბილისელისათვის თუ ქალაქში ჩამოსული სტუმრისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის 50-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი „ლაღიძის წყლების" თემატიკაზე. გამოფენის სათაური ეხმიანება წარწერას „მოითხოვე ყველგან", რომელიც წყლების პირველ სარეკლამო აბრაზე გაჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

გამოფენის კურატორია მაკა თავამაიშვილი.

გახსნა: 30 მარტი, 18:00 საათი

ხანგრძლივობა: 30 მარტი - 18 აპრილი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11