სიღნაღის მუზეუმის 10 წელი

18 ოქტომბ. 2017 – 18 დეკემბერი 2017

სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გიწვევთ ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიციის გახსნაზე. 

გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 14:00 საათი

2017 წელს აღინიშნება სიღნაღის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის იუბილე.

სიღნაღის მუზეუმი, როგორც რეგიონის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, ქმნის აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრს. მუზეუმში ყოველწლიურად იზრდება დამთვალიერებელთა რიცხვი. ათი წლის განმავლობაში სიღნაღის მუზეუმმა 200 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სიღნაღის მუზეუმის რეაბილიტაცია (2007) განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ქართულ სამუზეუმო სივრცეში. შეიქმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი შენობა და საექსპოზიციო დარბაზები, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. მოეწყო თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი არქეოლოგიური, შუა საუკუნეების და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სახვითი ხელოვნების გალერეა - ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენა და დროებითი საგამოფენო სივრცე, სადაც ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან მოეწყო არაერთი გამოფენა. მათ შორის ,,დასავლეთ ევროპის ფერწერა", ,,ლადო გუდიაშვილის მხატვრობა", ,,მარინისტული პეიზაჟი",  ,,გერმანელები საქართველოში'' და სხვა.

სიღნაღის მუზეუმი, გარდა სამუზეუმო კოლექციებისა, მასპინძლობდა სხვადასხვა ინსტიტუციებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს, მათ შორისაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული არქივის ერთობლივი ფოტოგამოფენა ,,ურთიერთობა რომელმაც გაუძლო დროს", ამერიკელი მხატვრის ჯონ ვურდემანის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ,,დათო კრაწაშვილის მხატვრობა", სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოსტატების ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ზინაიდა ქუფარაშვილის ინკრუსტაციისა და ვაჟა მოსულიშვილის კერამიკის წარმოდგენა და სხვა.

2009 წელს სიღნაღის მუზეუმმა საერთაშორისო გამოფენას ,,პიკასო საქართველოში'' უმასპინძლა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. 2008 წელს  მუზეუმში ღვინის ფესტივალი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღონისძიების ,,ღამე მუზეუმში" აღნიშვნა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს ნიკო ფიროსმანაშვილის „გაცოცხლებული" პერსონაჟები და თეატრალიზებული პერფორმანსები.

სიღნაღის მუზეუმში პერმანენტულად ტარდება, სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი, გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამები, თემატური ლექციები და შემოქმედებითი საღამოები.

მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.