შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან

06 მარტი 2017 – 03 დეკემბერი 2017

ხელოვნების მუზეუმი

2017 წლის 6 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან".  

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, რომლებითაც მსოფლიოს დიდი მუზეუმები იამაყებდნენ: ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის ნამუშევრები; ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები.

დამთვალიერებელი გაეცნობა  ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან; ყურანის ხელნაწერის თავფურცელი; ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა,  V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან  და მრავალი სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყველა კოლექციიდან  და აღსანიშნავია, რომ ამ კონცეფციით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი წარდგენა  ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდა. 

გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი გაეცნობა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განვითარების გეგმას.

ცნობილია, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის 1830 წელს აგებული შენობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაშია და მისი ინფრასტრუქტურა საჭიროებს სრულ განახლებას. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ შენობა თავდაპირველად სხვა დანიშნულებით აშენდა და მუზეუმი მასში საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ განთავსდა. ფონდსაცავებში და საგამოფენო სივრცეებში კოლექციებისათვის შეუფერებელი კლიმატური პირობებია. იგივე პრობლემები, რომელთა წინაშე დღეს დგას ხელოვნების მუზეუმი, იყო მუზეუმის ხელმძღვანელთა ყველა თაობისათვის წუხილის მიზეზი. მუზეუმის არქივმა შემოგვინახა  მუზეუმის დირექტორების - შ. ამირანაშვილის, თ. სანიკიძისა და ნ. ლომოურის მიერ სხვადასხვა წლებში მთავრობის მეთაურთათვის მიწერილი არაერთი წერილი მუზეუმში არსებული გაუსაძლისი პირობების გაუმჯობესების თხოვნით. ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა მცდელობა შენობის სამუზეუმო სტანდარტთან მისადაგებისა, კოლექციებისა და პერსონალისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, თუმცა ამ გეგმების განხორციელება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

2016 წელს ეროვნულ მუზეუმს სარგებლობაში გადმოეცა ხელოვნების მუზეუმის მომიჯნავე 3100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. ახალი შენობის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ხელოვნების მუზეუმის შენობაში მძიმე პირობებში მომუშავე თანამშრომლების გადაყვანა და მუზეუმში დაცული კოლექციების გადატანა უსაფრთხო ადგილას, რაც შესაძლებელს გახდის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის შემდგომ, რომელიც გაათანაბრებს მას მსოფლიო სამუზეუმო სტანდარტთან, შენობაში მოეწყობა საექსპოზიციო სივრცეები მუზემის კოლექციებისთვის.

საქართველოში სამუზეუმო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიძველეთა ეროვნული ცენტრის (კონსერვაცია-რესტავრაციის ცენტრი) ჩამოყალიბებაა. 2009 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლობით მომზადდა სიძველეთა ეროვნული ცენტრის დეტალური გეგმა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და სიძველეთა ეროვნული ცენტრის პროექტის განხორციელებით, პრაქტიკულად, დასრულდება საქართველოში სამუზეუმო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში შემავალი მუზეუმების კოლექციების სათანადო  შენახვას, დაცვას და ექსპონირებას; სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვას, და რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურის შენარჩუნებას მომავალი თაობებისათვის.

ამ პროექტების განხორციელებით სრულყოფილ სახეს მიიღებს თბილისის მუზეუმების უბანი, რომელიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა ქალაქის ცენტრში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლისა და სიახლოვის გამო. ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმების ჯგუფის ერთიან კულტურულ ცენტრად ქცევის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 1973 წელს წერდა შალვა ამირანაშვილი - მას ამ იდეის განვითარების საუკეთესო მაგალითად ბერლინის მუზეუმების კუნძული მიაჩნდა.

დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის მუზეუმების კუნძულთან. პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა თბილისის სამუზეუმო უბნის განვითარების გეგმა. 2012 წელს სამუზეუმო უბნის კონცეფციას მიეძღვნა გამოფენა და საერთაშორისო კონფერენცია „სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა".

დღეისათვის შექმნილია სიძველეთა ეროვნული ცენტრის დეტალური პროექტი და მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი  შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისთვის.

გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.  

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის . 1