უფლისციხე 60

16 იანვარი 2017 – 26 თებერვ. 2017

ხელოვნების მუზეუმი

2017 წლის 16 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების გამოფენაზე. ექსპოზიცია ეძღვნება არქეოლოგ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 93 წლის იუბილეს.  

2017 წელს შესრულდა 60 წელი უფლისციხის - საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ძეგლის არქეოლოგიური გათხრების დაწყებიდან. დავით ხახუტაიშვილი პირველია ვინც უფლისციხეში ფართო არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. ამასთანავე მან გამოსცა პირველი სრული ნაშრომები უფლისციხის შესახებ.

ამ დროის მანძილზე უფლისციხესა და მის შემოგარენში (ყათლანიხევი, ადგილი ბამბები, მუხების გორა, ლაშეთხევი, ჩანახას მიწა, ნასოფლარი უფლისციხე) არქეოლოგიური გათხრის შედეგად გამოვლენილი მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. XVIII საუკუნის ჩათვლით.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია უფლისციხესა და მის მიდამოებში აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები ქრონოლოგიური პრინციპით. აქ იხილავთ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების მრავალფეროვან ნივთებს, რომლებიც დამზადებულია თიხის, ქვისა და ლითონისაგან (ბრინჯაო, რკინა, ოქრო), მცირე პლასტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს, სამკაულებს, მონეტებს. იმპორტული ჭურჭელი წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით კერამიკისა და მინის ნაწარმის სახით.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ფეოდალური პერიოდის მასალა უფლისციხის ნაქალაქარიდან (ადრეფეოდალური ხანიდან XVIII ს-ის ჩათვლით). მრავლადაა წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი, შედარებით ნაკლებია მინა, ლითონი, გვხვდება ქართული და შემოტანილი მონეტები.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1

***

1957 წლიდან უფლისციხესა და მის შემოგარენში მდებარე ძეგლებზე მოპოვებულია წინაანტიკური, ანტიკური და ფეოდალური ხანის განათხარი მასალა. რაოდენობრივად ჭარბობს ანტიკური პერიოდის, კერძოდ, ელინისტური ხანის ნაწარმი. კერამიკულ ჭურჭელთან შედარებით ძალზე მცირეა ლითონისა და მინის ნახელავი. აქ აღმოჩენილი ყველაზე ძველი - მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლები არ არის მრავალრიცხოვანი. მათი კვალი შემჩნეულია როგორც ცალკეული ნივთების (ადგილი ბამბები), ისე ნასახლარების (ლაშეთხევი, მუხების გორა) ნაშთების სახით.

ყველაზე დიდი რაოდენობითა და მრავალსახეობითაა გამოვლენილი ელინისტური ხანის მასალა. იგი დადასტურებულია შიდა ქალაქში, ადგილ ბამბებში, ყათლანიხევში, ჩანახას მინდორზე. ამ პერიოდის ადგილობრივი კერამიკა ფერის მიხედვით იყოფა ორ დიდ ჯგუფად წითელსა და შავკეციან ნაწარმად. დანიშნულების მიხედვით: სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის ჭურჭლად. ფართოდაა წარმოდგენილი სამშენებლო კერამიკა, ძირითადად, კრამიტი. გარეგნული იერის მიხედვით: სადა, გაპრიალებული, სარკისებრზედაპირიანი ჭურჭელი, შემკული წნევით გამოყვანილი სხივებითა და ზოლებით; შეღებილი, მოხატული, რელიეფური და ნაკაწრი სახეებით შემკული ნაწარმი. ელინისტური ხანის ზოგიერთი ჭურჭელი სარიტუალო დანიშნულებისაა, მაგ., რიტონები, ჯვრით შემკული ჭურჭელი. ქუსლის ძირზე ჯვრის (მზის სიმბოლოს) გამოსახვა შეიძლება ამ ხანის რაღაც რწმენასთან იყო დაკავშირებული. წარმოდგენილია მინაბაძი და ზოგიერთი ისეთი ფორმა, რომელიც საერთოდ გავრცელებულია ელინისტურ აღმოსავლეთში. ინტერესს იწვევს შავლაკიანი კერამიკის მცირეაზიური გვიანდელი მინაბაძისა და ელინისტური ხანის წითელლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც პერგამული თუ ალექსანდრიული სახელოსნოების ნაწარმი ჩანს.

 

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის მასალა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინარე პერიოდისა. თითქმის აღარ არის კარგად გაპრიალებული, მოხატული თუ დეკორირებული თიხის ნაწარმი. თავს იჩენს მინის ნაწარმი. ახ.. I-V სს-ის ნივთები გამოვლენილია შიდა ქალაქში, ადგილ ბამბებისა და ყათლანიხევის ნასახლარებსა და სამაროვნებზე. ესაა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, თიხის ბულა, ოქროს ღილაკები (დიადემა), ვერცხლის ბალთა, მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები და გემები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, დარახტული ცხენის თიხის ფიგურა, ორი ცალი ქვევრის პირი არამეული ტიპის წარწერით დას ხვა