მცხეთის მუზეუმის საგანძურის გამოფენა

14 დეკემბერი 2016 – 14 დეკემბერი 2017

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 14 დეკემბრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ მცხეთის მუზეუმის საგანძურის ექსპოზიციის გახსნაზე.  

გამოფენაზე წარმოდგენილია ისტორიული დიდი მცხეთის ტერიტორიაზე, მცხეთასა და მის შემოგარენში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, რომელიც დაცულია დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართლის სამეფოში, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარხებში აღმოჩენილი ოქრო-ვერცხლის სამკაული. თვალსაჩინოა სამკაულის, განსაკუთრებით საყურეების, სამაჯურების, ბეჭდების და ყელსაბამების სიმრავლე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი არტეფაქტები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალფეროვანი  კოლექციებისა, რომელსაც ფლობს დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3

 

***

არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში დასახლების არსებობას ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანიდან ადასტურებს. ქართულ წყაროთა მონაცემებით და  მეცნიერთა აზრით, ძვ. წ. III საუკუნისათვის სამოსახლოები ერთ დიდ ქალაქად - "დიდ მცხეთად" გაერთიანდა. მტკვრისა და არაგვის ხეობებში გაშლილი, მთებით გარშემორტყმული "დიდი მცხეთა" კოლხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ გზათა შესაყარზე მდებარეობდა. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, მათ შორის აბრეშუმის გზა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებს დასავლეთს უკავშირებდა.

ოქრომჭედლობის ნიმუშები ისტორიული დიდი მცხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანულ სამარხებში გვხდება (ძვ.წ. XVII-XVI სს., სამთავრო). ძვ.წ. VII-V საუკუნეების სამარხებში (ნარეკვავი, სათოვლე-ნაბაღრები) მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. უმეტესი ნაწილი ოქრომჭედლობის ნიმუშებისა გვიანრომაული პერიოდისაა (ახ.წ. II-IV სს). ეს ოქროსა და ვერცხლის დიდი ოსტატობით დამუშავებული მაღალმხატვრული სამკაულია, რომელიც მრავლად დასტურდება ქართლის სამეფოს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარხებში.

ქართლის სამეფოს (იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა აღმოსავლეთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და  რელიგიური ცენტრი იყო, ამიტომ აქ თავმოყრილია დედაქალაქობის ხანის (ძვ.წ. IV-III სს - ახ.წ. IV-V სს) უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლები.  ქალაქ მცხეთის მდებარეობამ სავაჭრო მაგისტრალთა გასწვრივ და საქალაქო მშენებლობის განვითარებამ გამოიწვია ვაჭარ-ხელოსანთა ფენის დაწინაურება. განვითარდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის ოქრომჭედლობა, მინის წარმოება, ტორევტიკა. ოქრომჭედელთა ფენის  არსებობაზე მიუთითებს სამთავროს სამაროვანზე, ერთ-ერთ სამარხში გამოვლენილი საოქრომჭედლო სასწორ-საწონები, სარკინეში აღმოჩენილი ჩუქურთმოვანი ტვიფრები, მხატვრულ ნაწარმთა დაუმუშავებელი ნიმუშები და ტიგელის ნაწილები.

ოქრომჭედელთა ფენას უნდა მიეკუთვნოს ჭრილა ქვების - გემების დამამზადებელი ოსტატებიც.  ოქროს სამკაულთან ერთად მძივები დიდი  მცხეთის თითქმის ყველა პერიოდის სამარხეული კომპლექსების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. ისინი გამოირჩევიან მასალისა და ფორმის მრავალფეროვნებით. დედაქალაქობის ხანის მცხეთაში საკმაოდ განვითარებული ჩანს მინის წარმოებაც. საქალაქო ცხოვრებისა და დამწერლობის განვითარებას გვიდასტურებს  მცხეთაში აღმოჩენილი, IV-V  საუკუნეებით დათარიღებული, აბრამ სარას ძის ოქროს ამულეტი (ავგაროზი), რომელზედაც არამეულით შესრულებული ებრაული შელოცვაა ამოკვეთილი.