საგანმანათლებლო ექსპოზიცია აჭარის სატყეო სააგენტოში

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 30 აგვისტოს აჭარის სატყეო სააგენტოში საგანმანათლებლო ექსპოზიცია გაიხსნა. 

ექსპოზიცია ასახავს აჭარის ფლორისტულ რაიონს, რომელიც ყველაზე მდიდარია კავკასიის ეკორეგიონში და გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და საფრთხეში მყოფი ხმელეთის ეკოსისტემების სიუხვით. გამოფენის ცენტრალური ნაწილი ეძღვნება აჭარას, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს. საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი მასალა დამთვალიერებელს გააცნობს  აჭარის უნიკალურ ტყის ეკოსისტემებს, მცენარეული საფარის ვერტიკალურ ზონალობას, აჭარის ენდემურ მერქნიან  და საქართველოს `წითელი ნუსხით" დაცულ ველური ფლორის მცენარეთა სახეობებს და მათ ფოტოებს; აჭარის სატყეო სააგენტოს  ისტორიას, მიზნებს, ამოცანებს და სააგენტოში შემავალ ტერიტორიულ ადმინისტრაციებს.

ექსპოზიციის ყველაზე  საინტერესოა ნაწილია აჭარის ენდემური და წითელი ნუსხის სახეობების მცენარეთა ჰერბარიუმის ვიტრინა და აჭარის ტყეში გავრცელებული მერქნიან მცენარეთა დენდროლოგიური კოლექციის სტენდი.

საგამოფენო დარბაზში სტენდებზე წარმოდგენილი იქნება  ინფორმაცია აჭარის ფლორისტული რაიონის  გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფისა და ძირითადი ლანდშაფტების, გეოლოგიური აგებულების, კლიმატისა და ჰიდროლოგიური ქსელის შესახებ. ასევე, აჭარის ტყეების კლიმატის და ნიადაგის ტიპების,  აჭარის ტყის ცოცხალ სამყაროსა, გავრცელებული მავნებლებისა და სოკოვანი პათოგენების შესახებ.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს  ნახოს კავკასიის ეკორეგიონის, საქართველოსა და აჭარის ტყეების რუკები ლაითბოქსების სახით.

ექსპოზიციაზე  ასევე დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი (touch screen),  რომლის საშუალებითაც ვიზიტორი მიიღებს ინფორმაციას აჭარის ბუნების ძეგლების შესახებ. მასში შეტანილია ბუნების ძეგლების გავრცელების რუკა, ფოტოები და ცნობები თითოეულ ძეგლის შესახებ.

გამოფენაზე, ვიზიტორთა მოსასვენებელ სკამში, მოზარდებისათვის მოთავსებულია საგანმანათლებლო-საინფორმაციო დაფები წითელი წიგნის, ბიომრავალფეროვნების, IUCN-ის (ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი), ცხელი წერტილების, ეკორეგიონს და ენდემური სახეობების შესახებ.

მისამართი:  აჭარის სატყეო სააგენტო, ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქ. №51