,,შველი წყლის პირას“ - საჩუქარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

28 სექტემბ. 2016 – 05 აპრილი 2017

ეროვნული გალერეა

2016 წლის 27 სექტემბერს ფონდმა ,,ქართუ" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,შველი წყლის პირას".

სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას" იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ქართველმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ,,ქართუ" შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. დღეს სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.

ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი „შველი წყლის პირას" 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს - ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე ლურსმნებით დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან" მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა.

ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული. სურათი მუყაოს ქაღალდზე ზეთის საღებავებითაა შესრულებული. ზომა: 58 x 70 სმ. 

ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, 1–2 ოქტომბერს, გალერეაში სტუმრობა და სურათის ხილვა ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება!

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11