კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები

25 სექტემბ. 2016 – 25 აგვისტო 2017

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენის ,,კავკასიის ნამარხი ძუძუმწოვრები" გახსნაზე. გამოფენა გაიმართება გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" ფარგლებში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული ზღვის ძუძუმწოვრების უნიკალური ნამარხი ნიმუშების ორიგინალები:

Ferecetotherium kelloggi, მსოფლიოში უძველესი კაშალოტი და დღევანდელი ვეშაპების ჯგუფის უძველესი წარმომადგენელი; Oligodelphis azebajdzanicus, დიდი ალბათობით მსოფლიოში უძველესი დელფინი;  კბილებიანი ვეშაპის - Kelloggia barbarus-ის მსოფლიოში ყველაზე სრული ჩონჩხი;  Imerocetus karaganicus და Otradnocetus virodovi - ევროპაში უძველესი უკბილო ვეშაპები; Iniopsis caucasica და Kharthlidelphis diceros - უძველესი ნამარხი დელფინები. რომელთა ფილოგენეტური კავშირი სხვა ფორმებთან დაუდგენელია. 

გამოფენაზე მოთხრობილი იქნება ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციაზე, კავკასიის ნამარხ ფორმებსა და  ვეშაპისმაგვართა წყლის გარემოში ადაპტაციებზე. ქართველი დამთვალიერებლისთვის საინტერესო იქნება თავად აღმოჩენების გეოგრაფია: იმერეთის სოფლები, ჭიათურა, კასპი და ბაქოს მიდამოები. გამოფენაზე შევიტყობთ ცოცხალი სამყაროს ევოლუციის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გარდასახვის შესახებ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა დღესაც უამრავია ჩვენთვის ნაცნობ ადგილებში.

კონფერენცია "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს გურამ მჭედლიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრების კოლექცია და ახალი მნიშვნელოვანი პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებლები.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №3