კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი

08 აგვისტო 2016 – 08 აგვისტო 2020

2016 წლის 9 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს, მიიღონ ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის და ლანდშაფტების შესახებ.  

გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ფრინველებზე, რადგანაც ეროვნული პარკის ტერიტორია ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველებისთვის საბინადრო, გამოსაზამთრებელ და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ასევე, გლობალური გამყინვარების დროინდელი რეფუგიუმი და რელიქტურ მცენარეთა სახეობის თავშესაფარია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ექსპოზიციისათვის შეაგროვეს ისეთი მასალა როგორიცაა: მცენარეთა ჰერბარიუმი საქართველოს და IUCN -ის წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებით; მწერების, მოლუსკების კოლექციები და კოლხეთის ეროვნული პარკის იქტიო და ჰერპეტოფაუნის დასპირტული კოლექცია.

გამოფენაში ჩართულია მულტიმედია - დამონტაჟებულია ინტერაქტიული ეკრანი, სადაც ვიზიტორს შეუძლია ნახოს კოლხეთის ეროვნული პარკის რუკა ფრინველთა სათვალთვალო ადგილებით; მოიძიოს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მნიშვნელოვანი ფრინველების შესახებ და მოუსმინოს ფრინველთა ხმებს.

მისამართი: ქ. ფოთი, გურიის ქ. N222