კახური ბარაქის დაბრუნება გიორგიწმინდის კარმიდამოში

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2013 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ წარმოგიდგენთ „გაცოცხლებული" კახური სახლის პრეზენტაციას.  

ღონისძიება სახელწოდებით „კახური ბარაქის დაბრუნება გიორგიწმინდის კარმიდამოში", ვიზიტორებს სხვადასხვა, მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობს. საექსპოზიციოდ მოწყობილი კახური კარმიდამო, უნიკალური ერდო-ბანიანი დარბაზული საცხოვრისითა და სამეურნეო-კულტურული ტრადიციებით, მე-19 საუკუნის კახურ ყოფა-ცხოვრებას გაცოცხლებული სცენარით წარმოადგენს. 

გიორგიწმინდის დარბაზული სახლი 1974 წელს კახეთიდან, სოფ. გიორგიწმინდადან ეთნოგრაფიულ მუზეუმში იქნა გადმოტანილი. წლების განმავლობაში მას მრავალმხრივი დაზიანება გაუჩნდა. 2008-10 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის და იკომოს საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უძველესი ხელსაწყოებისა და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, გიორგიწმინდის სახლზე აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.

ამჟამად გიორგიწმინდის სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, მოწყობილი ექსპოზიცია, სტუმრებს ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს თანამედროვე დროში უცვლელი სახით სთავაზობს. კახური კარმიდამოს მასპინძელი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ,,ოჯახის უფროსი" სტუმრებს კახელი კაცის სამეურნეო კულტურის, ვაზისა და პურის საკრალური მნიშნველობის შესახებ მოუთხრობს. ,,დიასახლისი" კი კარმიდამოში მოწყობილ ტრადიციულ სათონეში კახურ შოთის პურებს გამოაცხობს. ვიზიტორები არა მხოლოდ ცხობის თანამონაწილენი გახდებიან, არამედ საშუალება ექნებათ შეიტყონ უფრო მეტი შოთის პურის შექმნისა და მისი ცხობის ტრადიციების შესახებ.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური ტრადიციების აღორძინება-შენარჩუნება და მისი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის.

ღონისძიება ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" მხარდაჭერით.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.