სვანეთის განახლებული მუზეუმი

სვანეთის მუზეუმი

2013 წლის 1 ივლისს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი კვლავ გაუღებს კარს დამთვალიერებელს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე თავად უმასპინძლებს მუზეუმის მნახველებს.

ერთი თვის მანძილზე მუზეუმი ყველა დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.

მუზეუმში გაკეთდა მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი.ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, შემდეგ განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მომდევნო დარბაზები ეთმობა ქრისტიანულ საგანძურს, სადაც გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები როგორიცაა: ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის, მათ შორის: საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, სმიტსონის ინსტიტუციის, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის, საქართველოში იტალიის და შვეიცარიის საელჩოების დახმარებით მიმდინარეობდა.