ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციას.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის კოლექცია 1852 წლიდან, ცნობილი მეცნიერების მიერ გროვდებოდა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიაში. 

ექსპონატებთან ერთად ნაჩვენებია XIX საუკუნის პერიოდის ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენის ამსახველი ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდა აღნიშნული ექსპოზიციის აღდგენა. განახლებული ექსპოზიცია წარმოაჩენს კავკასიის ფლორასა და ფაუნას, გამოირჩევა, როგორც ისტორიული ისე მეცნიერული ღირებულებით და მსოფლიოს მაშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

ბუნების ისტორიის ექსპოზიციაზე ძირითადად წარმოდგენილია ენდემები, რელიქტები, იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში.

ბუნების ისტორიის კოლექციების (გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური) განახლებული ექსპოზიცია წარმოდგენილია ორ საექსპოზიციო დარბაზში. გეოლოგიურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქანები, მინერალები და განამარხებულ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა. ბოტანიკურ საჰერბარიუმო ნიმუშებს თან ერთვის ბოტანიკოსის,  კავკასიის ფლორის მკვლევერის გიორგი ვორონოვის (1874-1931) მეუღლის ა.ვორონოვას ილუსტრაციები. ზოოლოგიურ ექსპოზიციაში წარმოდგენილი მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები ძირითადად განთავსებულია ვიტრინებში უახლესი სისტემატიკის მიხედვით მსოფლიო ელექტრო კატალოგებზე დაყრდნობით.

გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია ილუსტრაციები დიმიტრი ერმაკოვის ფოტო-არქივიდან. 

გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია ჯგუფებისათვის (5-15 ადამიანი), სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. 

დაგვიკავშირდით ნომერზე: 293 42 92 (შიდა 146); 299 07 81 ან 2 931 652

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.