სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიცია

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

განახლებული სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილია მესხეთის ისტორიული მოვლენების ამსახველი არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, პალეონტოლოგიური, პალეოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალები. 

გამოფენას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გასდევს მესხეთის ტერიტორიაზე განვითარებული ისტორიული მოვლენების უწყვეტი ხაზი უძველესი დროიდან XX საუკუნემდე. 

არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები ნათლად ასახავენ "მესხურ სახლში" მცხოვრები საზოგადოების ცვალებადი მოვლენებით მდიდარ ისტორიას, მისი ფორმირებიდან დღევანდელ დღემდე. 

დამთვალიერებელი სრულ ინფორმაციას იღებს მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ლანდშაფტსა და გარემოზე, ლითონწარმოებაზე, მეთუნეობაზე, კულტსა და რიტუალზე, დაკრძალვის წესზე, სოციალური იერარქიის საწყისებზე, წარმართობასა და ქრისტიანობაზე,

განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურასა და მწერლობაზე, მწიგნობრობაზე. ეთნოგრაფიული ნაწილი გადმოგვცემს მესხეთში წარმოებული ომებისა და ბრძოლების ისტორიებს, რომელიც გადმოცემულია ქართული, ოსმალური, ევროპული იარაღის მრავალფეროვნებით.

გამოფენილი მასალები ნათლად წარმოაჩენენ XIX საუკუნეში სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა რელიგიების თანაარსებობის ფონზე ჩამოყალიბებულ ქალაქურ ყოფა-ცხოვრებას, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხელოსნები, ვაჭრები, მწერლები, მეცნიერები, მოგზაურები, მთარგმნელები, მხატვრები, მქარგავ-მქსოველები, მკერავები, მღებავები, მეკურტნეები და სხვა ქმნიან მესხეთის მულტიკულტურულ საზოგადოებას.