აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების შედევრები.

წლების მანძილზე ხელოვნების მუზეუმში ექსპონატებისათვის შეუფერებელმა გარემომ მრავალი სახის ბიო-ბაქტერიული დაზიანება გამოიწვია. თვინინგის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად, ეტაპობრივად განახორციელეს აღმოსავლური კოლექციების დაზიანებული ნივთების ანოქსიის მეთოდით დამუშავება, გაწმენდა, სრული აღწერა და ციფრულ ფორმატში გადატანა. ჩატარებული სამუშაოების შემდგომ ექსპონირებამდე კოლექციები ეროვნული მუზეუმის ახალ საცავებში განთავსდა.

დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევა, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილოს ახალი კონცეფციით წარმოდგენილი აღმოსავლური კოლექციების ღირსშესანიშნავი ნიმუშები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენს კოლექციებში დაცული 180-მდე ეგვიპტური, ისლამური სამყაროსა და შორეული აღმოსავლეთის კულტურის ამსახველი ექსპონატები: ეგვიპტური მუმია და სარკოფაგი, მე-8 საუნკუნით დათარიღებული პერგამენტზე შესრულებული ყურანის ფურცელი, დაზგური, მინიატიურული და ლაქის ფერწერის ნიმუშები, ლითონის და კერამიკის ჭურჭელი, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ძვირფასი ლითონის შემკული საბრძოლო იარაღები და სხვა.

გამოფენას თან ახლავს კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) პროგრამის ფარგლებში, რომლის ადმინისტრირებასაც საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებდა.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 3.