სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის ნომინანტად დასახელდა

Share

EMYA ყველაზე პრესტიჟულ სამუზეუმო ჯილდოდ მიიჩნევა ევროპაში და წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას სამუზეუმო სფეროში.  

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ის მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმებს შორის, ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ.

ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას.