ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია

21 მაისი 2013 – 21 მაისი 2014

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციას.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის კოლექცია 1852 წლიდან, ცნობილი მეცნიერების მიერ გროვდებოდა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიაში. აღნიშნულმა კოლექციებმა, დღეისათვის, თავისი ბიომრავალფეროვნებით რარიტეტული მნიშვნელობა შეიძინა.

ექსპონატებთან ერთად ნაჩვენებია XIX საუკუნის პერიოდის ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენის ამსახველი ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდა აღნიშნული ექსპოზიციის აღდგენა. განახლებული ექსპოზიცია წარმოაჩენს კავკასიის ფლორასა და ფაუნას, გამოირჩევა, როგორც ისტორიული ისე მეცნიერული ღირებულებით და მსოფლიოს მაშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

ბუნების ისტორიის ექსპოზიციაზე ძირითადად წარმოდგენილია ენდემები, რელიქტები, იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში.

ბუნების ისტორიის კოლექციების (გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური) განახლებული ექსპოზიცია წარმოდგენილია ორ საექსპოზიციო დარბაზში. გეოლოგიურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქანები, მინერალები და განამარხებულ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა. ბოტანიკურ საჰერბარიუმო ნიმუშებს თან ერთვის ბოტანიკოსის,  კავკასიის ფლორის მკვლევერის გიორგი ვორონოვის (1874-1931) მეუღლის ა.ვორონოვას ილუსტრაციები. ზოოლოგიურ ექსპოზიციაში წარმოდგენილი მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები ძირითადად განთავსებულია ვიტრინებში უახლესი სისტემატიკის მიხედვით მსოფლიო ელექტრო კატალოგებზე დაყრდნობით.

გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია „National Geographic"-ის მიერ XIX-XX საუკენეებში გადაღებული ფლორის, ფაუნისა და გეოლოგიის ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა და გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც „National Geographic საქართველოსთან" ერთად ითარგმნა და ადაპტირდა საქართველოს ეროვნული მუზეუუმის ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენისთვის.

გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, დაგვიკავშირდით ნომერზე 2931652.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.