დაბლაგომის არქეოლოგიური ძეგლები

01 იანვარი 1970 – 01 იანვარი 1970

სოფელი დაბლაგომი მდებარეობს ვანის ნაქალაქარიდან 10-12 კმ დაცილებით, მისგან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით.

დაბლაგომის არქეოლოგიურმა ძეგლებმა ადრიდანვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. 1929 წელს აქ დაზვერვები ჩაატარა ნ. ბერძენიშვილმა; 1933 წელს მცირე მასშტაბის გათხრები აწარმოვა ს. მაკალათიამ, ხოლო 1936 წელს აქ თხრიდნენ ბ. კუფტინი და ნ. ხოშტარია. 1970-1971 წლებში დაბლაგომის მიდამოებში საველე კვლევა-ძიება განაახლა ვანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (რაზმის ხელმძღვანელი ვ. თოლორდავა).

ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი.

დაბლაგომის სამაროვანი სოფლის გარეთ, ნასაკირევისა და ნაციხვარას ბორცვებზეა განლაგებული. გაითხარა 53 ქვევრსამარხი და 1 კრამიტით გადახურული ორმო-სამარხი. სამარხები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო დაფიქსირებული, ერთმანეთისაგან დაცილებულ ბუდეებად. ბ. კუფტინი თვლიდა, რომ ეს იყო საოჯახო სამარხები, გამართული საცხოვრებელთან ახლოს. სამარხად გამოყენებული იყო კოლხური ქვევრები, რომელთა უმრავლესობა ორმოში ჩადგმული იყო ვერტიკალურად, პირით ქვემოთ. მიცვალებული, როგორც წესი, ჩასვენებული იყო ხელ-ფეხმოკეცილ მდგომარეობაში, უმეტესად თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხეული ინვენტარი ღარიბულია, წარმოდგენილი თითო-ოროლა კოლხური თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს სამკაულებით, მძივებით და მონეტებით. მონეტამ თითქმის ყველა კარგად დაცულ სამარხში იჩინა თავი.

ინვენტარის ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ქვევრსამარ-ხებში სამი ქრონოლოგიური ჯგუფი გამოიყო: 1. ძვ.წ. IV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი - ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისი; 2. ძვ.წ. III საუკუნე, 3. ძვ.წ. III საუკუნის მიწურული. 

კრამიტით გადახურული სამარხი უნიკალურია არა მხოლოდ დაბლაგომის სამაროვნისთვის, არამედ საერთოდ მთელი ელინისტური ხანის საქართველოსთვის. ის სწორკუთხა ხის  ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც კლდეში ამოკვეთილ სწორკუთხა ორმოში იდგა. ჩონჩხი არ შემორჩენილა; ნივთიერი მასალა კი საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდრულია: ოქროს სამკაულები, თიხის და ბრინჯაოს ჭურჭელი, რკინის იარაღი,  მინისა და მინისებური პასტის მძივები, ბრინჯაოს ზარაკები, ბრინჯაოს სარკე, ცხენის აკაზმულობა, რკინის მანჭვლები და ლურსმნები. ჩამოთვლილი ინვენტარი, მათ შორის ოქროს სამკაულები (როგორც ჩანს, ხის ყუთში ჩაწყობილი), სამარხის კიდეებთან იყო განლაგებული; შუაში შექმნილი სიცარიელე კი, თავის დროზე, მიცვალებულს ეკავა. ინვენტარი და სახურავის კრამიტის დამღები სამარხს ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისით ათარიღებს.

 

დაბლაგომის ნამოსახლარი - ნაციხვარას და ნასაკირევის ფერდობებზე გამოვლენილია ბათქაშებიან საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები ხის წნულის ანაბეჭდებიანი ბათქაშების სახით. კულტურულ ფენებში მოპოვებული მასალა ძირითადად კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი (კოლხური ქვევრების, სასმისების, სხვადასხვა ჭურჭლის ყურების, ადგილობრივი და იმპორტული ამფორების, ატიკური შავლაკიანი კერამიკის), რომელშიც ორი პერიოდის მასალა გამოიკვეთა: ძვ.წ. VI-IV სს. და ძვ.წ. IV-III სს. ნასაყდრევის ბორცვზე, რომელიც სოფელ დაბლაგომიდან 2 კმ დაცილებით მდებარეობს, ორი ერთმანეთის მომდევნო პერიოდის მასალა დადასტურდა: გვიანი ბრინჯაოსა და    წინარეანტიკური ხანის.

დაბლაგომის სამაროვანზე და ნამოსახლარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.

ლიტერატურა

Б. Куфтин, Материалы к археологии Колхиды, Ш, Тбилиси, 1950

ს. მაკალათია, არქეოლოგიური აღმოჩენები საკობიანოში, დაბლაგომში და აღაიანში, - სსმმ, XI-B 1941, გვ. 84-86.

Н. Хоштария, Древнее поселение в Даблагоми, Диссертация, Тбилиси, 1940..

ვ. თოლორდავა, არქეოლოგიური გათხრები დაბლაგომში 1970-1971 წლებში, - ვანი, II, თბილისი, 1976, გვ. 48-67.

ვ. თოლორდავა, არქეოლოგიური გათხრები დაბლაგომში 1973-1974 წლებში, - ვანი, III, თბილისი, 1977, გვ. 71-80.

ვ. თოლორდავა, მდიდრული სამარხი დაბლაგომიდან, - ვანი II, თბილისი, 1976, გვ. 68-78.