"თვინინგის" პროექტი

Share

ვროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის "თვინინგის" პროექტი

პროექტი

ოცდაშვიდთვიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური გაძლიერებაა, რათა მან წარმოაჩინოს კულტურა, როგორც საქართველოს განვითარების მთავარი ელემენტი. "თვინინგის" მუდმივი მრჩევლის გარდა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებიდან არის წარმოგზავნილი თბილისში პროექტის მიმდინარეობის მანძილზე, გერმანიის მხრიდან კონსულტაციებში 40-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. კონსულტაციები ძირითადად საქართველოში ჩატარდება.

პროექტი ეყრდნობა შემდეგ საკითხებს: მუზეუმის შენობების, საცავებისა და სახელოსნოების დაგეგმარება, პრევენციული კონსერვაციის ინსტრუქციების დახვეწა და ზოგადი სამუზეუმო სტანდარტების შემოღება. გერმანელი ექსპერტები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ კონსულტაციების, სამუშაო ჯგუფებისა და სემინარების მეშვეობით. გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტები და სტაჟირებები ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებში ხელს შეუწყობს ქართველი კოლეგების ცოდნის გაღრმავებას. "თვინინგის" ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის მქონე ორი კულტურული დაწესებულების თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა. 

კომპონენტები

პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 27 თვეა, ოთხ კომპონენტად იყოფა. თითოეული მათგანი განხორციელდება ადგილობრივად სხვდასხვა ღონისძიების მეშვეობით.

I კომპონენტი: "მხარდაჭერა რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის შესაქმნელად". საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის გეგმა ითვალისწინებს რესტავრაცია-კონსარვაციის ახალი ცენტრის აშენებას. გერმანელი ექსპეტრები ქართველ სპეციალისტებს შემდეგ საკითხებში გაუწევენ კონსულტაციებს: სამშენებლო ანალიზი, მშენებლობის დაგეგმარება, შენობის არქიტექტურა, საცავების, სარესტავრაციო სახელოსნოებისა და კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა.

II კომპონენტი: "პრევენციული კონსერვაციის გაუმჯობესება". რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გერმანული მხარე წარმოადგენს რეკომენდაციებს პრევენციული კონსერვაციისთვის. ქართველი სპეციალისტების სასწავლო ვიზიტის შემდეგ აღნიშნული რეკომენდაციები მომდევნო  ეტაპზე გადაინაცვლებს - დაინერგება პრაქტიკაში და შეიქნება სახლემძღვანელო. ხანგრძლივი სტაჟირება ბერლინში ქართველ ექსპერტებს საშუალებას მისცემს, უფრო გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა ამ სფეროში.

III კომპონენტი: "კოლექციების გადატანის საცდელი პროექტი". საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელოვნების მუზეუმისა და მისი საგამოფენო დარბაზებისა და საცავების მოდერნიზაციას აპირებს. საცდელი პროექტი გულისხმობს ხელოვნების ნიმუშების გეგმურ საცავ-შენობაში გადატანის პროცედურების შემუშავებას აღმოსავლური კოლექციის მაგალითზე. სხვადასხვა ეტაპზე ქართველი და გერმანელი ექსპერტები აღწერენ სამუშაოს მოცულობას, შეიმუშავებენ დაგეგმარების პროცესს და ინსტრუქციებს კოლექციის გადასატანად, გადაიტანენ კოლექციას და შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოს.

IV კომპონენტი: "სტანდარტების კრებულის მომზადება და შერჩეულ მიმართულებაში მათი დანერგვა". ბერლინელი ექსპერტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეხმარებიან მუზეუმის სტანდარტების მიღებაში შემდეგ სფეროებში: საზოგადოებასთან ურთიერთობა, გამოფენები და ექსპონატების დროებით გადაცემა, სამართლებრივი ასპექტები და პარტნიორობის განვითარება, ადამიანური რესურსები და ფინანსური საკითხები. თავდაპირველად გადამუშავდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სტანდარტები. ქართველი ექსპერტების ბერლინში სტაჟირების შემდეგ შემუშავდება მომავალში გასატარებელი სტანდარტების პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გერმანელ კოლეგებთან ერთად დაინერგება. 

პარტნიორები:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელიც სათავეს 1852 წლიდან იღებს, დაარსდა 2004წ. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების გასატარებლად. ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი აერთიანებს საქართველოს ათ მნიშვნელოვან მუზეუმს, ორ სამეცნიერო დაწესებულებას და ეროვნულ გალერეას. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2.5 მილიონი ნივთია დაცული.

რუსთაველის გამზირსა და გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობების რემონტისა და აღდგენის შემდეგ თბილისის ცენტრში გაშენდება სამუზეუმო ქუჩა, როგორც ეს XIX საუკუნის ბოლოს იყო გათვალისწინებული. მუზეუმის გაერთიანების მომავალი მიზანი საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მუზეუმის დაარსებაა, რომელიც ეფექტურად გაუძღვება გამოფენებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას, საცავებს, მართვას და უზრუნველჰყოფს უსაფრთხოებას.

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებიპრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები, წარმოდგენილი 15 დამოუკიდებელი კოლექციის, 3 კვლევითი ინსტიტუტისა და სახელოსნოს სახით, უნივერსალურია. მისი მთავარი ფუნქცია კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდის ხელოვნების ნიმუშებისა და კულტურის საგანძურის შენახვა, კვლევა და საქვეყნოდ წარმოჩენაა. მისი მრავალრიცხოვანი კოლექცია მოიცავს ევროპულ და არაევროპულ ხელოვნებას, არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიას. ბერლინის მუზეუმების კუნძული, ანუ ბერლინის მუზეუმების გული, 1999 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ბოლო ათი წლის მანძილზე მუზეუმების კუნძულის გენერალური გეგმის ფარგლებში მიმდინარეობდა კუნძულის ხუთივე ისტორიული შენობის სარემონტო სამუშაოები. გეგმის მთავარი კომპონენტი ისტორიული შენობების ერთმანეთთან მიწისქვეშა არქეოლოგიური ბულვარით დაკავშირება და ახალი ცენტრალური შესასვლელი შენობის აშენებაა. ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები,  რომლებიც დასაბამს იღებს ფრიდრიჰ ვილჰელმ III პრუსიელის სამეფო მუზეუმიდან, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდს მიეკუთვნება. როგორც ხელოვნებისა და კულტურის უდიდესი სამუზეუმო ორგანიზაციას გერმანიაში, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს აფინანსებს გერმანიის როგორც ფედერალური, ისე ადგილობრივი მთავრობები.

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები და საქართველოს ეროვნული მუზეუმიორი იდეალური პარტნიორი

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, როგორც მუზეუმთა გაერთიანებას, მსგავსი სტრუქტურა და გამოცდილება აქვთ სხვადასხვა დამოუკიდებელი კულტურული ინსტიტუტის შერწყმასა და მართვაში. ამ ორ ინსტიტუტს შორის უკვე წლებია მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები არსებობს, რაც დადასტურდა 2007წ. Altes Museum-ში წარმატებული ერთობლივი გამოფენით `მედეას ოქრო". "თვინინგის" პროექტის ფარგლებში ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბერლინში განხორციელებული გენერალური გეგმის გამოცდილებას საქართველოში წამოწყებული "სამუზეუმო ქუჩის" გასავითარებლად გამოიყენებს. "თვინინგის" პროექტი მუზეუმის პოლიტიკის ინსტიტუციური და სტრატეგიული საკითხების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას იძლევა. ის მართვასა და სამუშაო დონეებზე უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავების საფუძველია. გერმანიიდან წარმოგზავნილი მუდმივი და მოკლევადიანი ექსპერტების ხელშეწყობით ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს საშუალება ეძლევა, ერთის მხრივ კიდევ უფრო გააღმავოს ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, მეორეს მხრივ კი ერთად გაუმკლავდეს მუზეუმის პოლიტიკის სამომავლო გამოწვევებს. 

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ევროკავშირის "თვინინგის" პროექტი

2009წ. ივნისში ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებმა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გაიმარჯვეს ევროკავშირის კონკურსში, რომელიც გამოცხადდა ევროპის მასშტაბით "თვინინგის" პროექტის "საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა" მართვის უფლების მოსაპოვებლად. ერთი წლის თავზე, 2010წ. ივნისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თანამშრომლობის დაწყებამ დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულ საზოგადოებასა და მედიაში.

რა არის "თვინინგი"?

"თვინინგი" გულისხმობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრობის არსებული ან პოტენციური კანდიდატი ან ევროპული სამეზობლოს წევრი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის. ევროკავშირი მხარს უჭერს "თვინინგს" და ამ ინსტრუმენტს იყენებს პარტნიორ ქვეყნებში საჯარო სტრუქტურების გასაძლიერებლად, რეფორმებისა და შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად. "თვინინგი", როგორც პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და დახმარების მიმღები ქვეყნებისთვის უფრო ძლიერი ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი, სტაბილურობის, დემოკრატიის განვითარებისა და კეთილდღეობის გარანტად გვევლინება. 

გერმანიამ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე აქტიურად ახორციელებს  "თვინინგის" პროექტებს, დღემდე უხელმძღვანელა 650-მდე პროექტს, რაც მთლიანად გამოცხადებული კონკურსების 25%-ია. "თვინინგის" სქემებში გერმანიის თითქმის ყველა ფედერალური თუ ადგილობრივი უწყებაა ჩართული.

"თვინინგის" ისტორიაში ეს არის პირველი პროექტი, რომელიც კულტურის სფეროში გამოცხადდა. შესაბამისად, მოცემულ საცდელ პროექტს ბრიუსელში, ისევე როგორც ევროვშირის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად, რადგან ის შეიძლება `თვინინგის~ სამომავლო სტრატეგიის ინდიკატორად იქნას მიჩნეული.

რატომ საქართველო?

საქართველო ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს და სიდიდით დაახლოებით ბავარიის ხელაა. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. მას შემდეგ რაც `თვინინგის~ ინსტრუმენტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებულ ქვეყნებში გავრცელდა, ევროპული პროექტები საქართველოშიც ხორციელდება. 2010წ. ივლისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

სხვა პარტნიორები

მშენებლობისა და რეგიონული დაგეგმარების ფედერალური ოფისი (BBR) ტრანსპორტის, მშენებლობისა და ქალაქის განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილია. მშენებლობის განყოფილება პასუხისმგებელია სამშენებლო საკითხებზე ბერლინში, ბონსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, მისი პასუხიმგებლობა ვრცელდება პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კულტურული დანიშნულების შენობებზე, როგორებიცაა მუზეუმების კუნძული ბერლინში, საცავებისა და ლაბორატორიების ფართების დაგეგმარება ბერლინ-ფრიდრიხსჰაგენში, სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, მუზეუმების ეზოში (Museumshof) www.bbr.bund.de

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც განვითარების საკითხებზე მუშაობს მთელს მსოფლიოში.  ამ ეროვნულმა ერთეულმა, რომელიც "თვინინგის" პროექტებს მართავს, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 100-ზე მეტი პროექტი  განახორციელა დამკვეთებისთვის გერმანიის საჯარო სექტორიდან. www.giz.de

 

პროექტის  ხელმძღვანელები:

პროფესორი ჰერმან პარცინგერი - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი

პროფესორი დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

პროექტის თანამმართველები:

პროფესორი გიუნტერ შაუერტე - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილე

დოქტორი ბერნდ ებერტი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

"თვინინგის" მუდმივი მრჩეველი

დოქტორი მანფრედ ნავროტი - "თვინინგის" მუდმივი მრჩევლის პარტნიორი

მიხეილ წერეთელი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ფურცელაძის ქ. #3,0105,
თბილისი, საქართველო

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ნინო ჩხეიძის ქ. #38,0102, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2943763
www.delgeo.ec.europa.eu