ძალისას მუზეუმ–ნაკრძალის განვითარების ხელშეწყობა

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

2010-11 წლებში დასავლეთი მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გადავადებული არქეოლოგიური გათხრების" ხელშეკრულების თანახმად BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა პროექტი "ძალისას არქეოლოგიური ძეგლის განვითარება".

გრძელვადიანი პროექტის მიზანი იყო ძალისას - ამ უნიკალური არქეოლოგიური კომპლექსის კონსერვაცია, მისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მუზეუმ-ნაკრძალის იმგვარად მოწყობა, რომ შესაძლებელი იყოს ტურისტთა მომსახურების გაუმჯობესება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტს BP-სა და მის პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭირა იტალიის კულტურის სამინისტრომ, რომელმაც ქართველი სპეციალისტების კონსულტირებისათვის სამი იტალიელი ექპერტი მოავლინა.

მოწვეული იყო არქიტექტურული კომპანია "არტუბანიც", რომელმაც მოამზადა ძალისას არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და განვითარების გეგმა. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორები, არქეოლოგები და კონსერვაციის სპეციალისტები. გაიწმინდა ძეგლი, მოხდა არქეოლოგური უბნების სკანირება თანამედროვე აპარატურით და ძეგლის ზუსტი ფიქსაცია.

2011 წელს განხორციელდა პროექტის მეორე ეტაპი. კომპანია "არტუბანის" მიერ მომზადებული გეგმის  შესაბამისსა და პროექტის მეორე ეტაპით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ღონისძიებად გამოიკვეთა ანტიკური ხანის ტაძრის ნაშთებისა და უნიკალური მოზაიკის დამცავი პავილიონისა და მისი გადახურვის განახლება. მოწესრიგდა ნაგებობის სადრენაჟო სისტემაც.

ძეგლის პერიმეტრის დაცვისა და დამთვალიერებელთა ნაკადის რეგულირებისათვის მომზადდა ახალი შემოსასვლელის გეგმა. მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი.

ძალისას განვითარების პროექტს კომპანია BP-თან, მის პარტნორებსა და იტალიის კულტურის სამინისტროსთან ერთად მხარს უჭერს TBC ბანკი.

ძეგლის შესახებ

ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა პირველად 1971-82 წლებში ჩატარდა. მოპოვებული მასალის მიხედვით, ქალაქმა განვითარების უმაღლეს დონეს I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით წყდება, VI-VII საუკუნეებში ცხოვრება კვლავ შეიმჩნევა.VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობის შედეგად, ქალაქი საბოლოოდ განადგურდა.

ნაქალაქარზე გაითხარა ტაძრის, სასახლისა და აბანოს კომპლექსები. ტაძრის დარბაზის იატაკზე აღმოჩნდა თორმეტი ფერის კენჭისაგან შედგენილი უნიკალური მოზაიკა, რომელიც II საუკუნით თარიღდება. მოზაიკა გადმოგვცემს ვაზის მსხდომი დიონისესა და არიადნეს კომპოზიციას. წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დიონისეს ტაძარი, სადაც დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა.

სასახლისაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთ რიგად ჩამწკრივებული, ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი, კოლონების ბაზისები და შადრევნის აუზი. სასახლე I-II საუკუნეებითაა დათარიღებული.

აბანო, რომელიც II-IV საუკუნეებით თარიღდება, რომაული ტიპისაა და სამი - ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებისაგან შედგება. იატაკზე ფერადი მოზაიკით ფრაგმენტულადაა შემორჩენილი დელფინის თავის, ზღვის ნიჟარის, ბადისა და თევზების გამოსახულებანი.

XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს მინის პავილიონი გაუკეთდა. გამაგრდა მოზაიკა და ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი კვლავ საჭიროებს მეცნიერულ კვლევასა და საკონსერვაციო სამუშაოებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კომპანია BP-თან, მის პარტნორებსა და TBC ბანკთან ერთად გეგმავს, ეს ძეგლი აქციოს მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მუზეუმ-ნაკრძალად, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას.