სმიტსონის ინსტიტუტის “პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“

16 მარტი 2008 – 30 დეკემბერი 2011

2008 წელს  BP-იმ დააფინანსა 3 წლიანი პროექტი "პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამა", რომელიც სმიტსონის ინსტიტუტმა განახორციელა. პროექტი ითვალისწინებდა აზრებაიჯანსა, საქართველოსა და თურქეთში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების ზრდას. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავდა პუბლიკაციის გამოცემასა და ვებ გვერდის მომზადებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას გააცნობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთკავკასიის მილსადენების მშენებლობის პროექტს, სამივე ქვეყნის კულტურასა და კომპანიის მიერ ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოებს. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოს ეროვნული მუზეუმიც იყო.

პროექტის პრეზენტაცია 2008 წლის მარტში ქ. ბაქოში შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სმიტსონის ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, BP-ის საქართველოს და აზერბაიჯანის ოფისის, აზერბაიჯანის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და სხვა ორიგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში 2008 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანელ და ქართველ სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო ვიზიტში ვაშინგტონში. მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც სმიტსონის ინსტიტუტის პოლიტიკისა და ანალიზის ოფისმა და ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა მოუმზადეს აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს ითვალისწინებდა: თეორიულ სწავლებას; მუზეუმების საცავების მოწყობისა და კვლევით ლაბორატორიების მუშაობის პრინციპების გაცნობას; საკონსერვაციო სამუშაოებისა და კვლევების მეთოდების გაცნობას; ვიზიტებს არქეოლოგიურ ძეგლებზე და მუზეუმებში. მოგვიანებით, 2009 წლის აპრილ-ივნისში ქართველმა სპეციალისტებმა ვაშინგტონში მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენეს ახალაციხის მუზეუმში განხორციელებული გამოფენის მოწყობის პროექტში.

2010 წლის 16-19 აპრილს ქ. ბაქოში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელზეც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მიწვეული იყვნენ არქეოლოგები, პალეონტოლოგები, კონსერვატორები და სამუზეუმო სფეროს მუშაკები ამერიკიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, გერმანიიდან. მრგავილი მაგიდის მონაწილეებს დაურიგდათ უახლესი გამოცემები , რომლებიც არქეოლოგიას, ძეგლების კონსერვაციასა და კოლექციების მართვას ეხებობოდა. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ ინფორმაცია და დაემყარებინათ ურთიერთობები.

პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული წიგნი. ეს გამოცემა ეხება სამი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ კვლევებს. მილსადებების მშენებლობამ ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა ქვეყნებს შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობასაც შეუწყო ხელი. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, მომზადდა ვებ გვერდი.

დამატებითი ინფორმაცია www.agt.si.edu