არქეოლოგიური საცავების მოწყობა

16 ივნისი 2010 – 25 დეკემბერი 2010

BP-ისა და მისი პარტნიორების პასუხისმგებლობა არქეოლოგიური სამუშაოების მიმართ არ შემოისაზღვრება მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენის პროგრამით გათვალისწინებული საველე სამუშაოების დაფინანსებით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მშენებლობისას აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობდა აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის განთავსებას სწორად შერჩეულსა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავებში.

ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდა 2009-2011 წლებში. BP-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით ახალციხესა და თბილისში წარმატებით შესრულდა სათანადოდ აღჭურვილ საცავებში არქეოლოგიური მასალის დაბინავების პროექტები. ამ მიზნით სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმსა (ახალციხე) და არქეოლოგიიის კვლევის ცენტრში (თბილისი) შეირჩა შესაფერისი ნაგებობანი, რომლებიც საფუძვლიანად შეკეთდა და სათანადოდ აღიჭურვა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთკავკასიური მილსადენების მშენებლობის დროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (შბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის რაიონებში) გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა დაბინავდა ახალციხის მუზეუმში. მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების არქეოლოგიურმა მონაპოვარმა კი არქეოლოგიის კვლევის ცენტრში დაიდო ბინა. აღსანიშნავია, რომ საცავებში განთავსდა არა მხოლოდ მილსადენების მშენებლობისას აღმოჩენილი, არამედ ადრეული წლების არქეოლოგიური განათხარი მასალაც. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი ტიპის საცავების მოწყობას, რომლებიც აკმაყოფილებს ექსპონატების შენახვის თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.