აღმოჩენა სოფელ მატანთან

14 ნოემბერი 2016
Share

ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან ახლოს პრეისტორიული ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა. 

ამ ფაქტის შესახებ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ზაზა აბრამიშვილმა და იმედა ბოძაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აცნობეს. აღმოჩენის ადგილზე გაემგზავრა მუზეუმის პალეონტოლოგების და გეოლოგების ჯგუფი. აღმოჩენის ადგილის და ნამარხი ნაშთის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სავარაუდოდ,  აღმოჩენილი ნაშთები (ზედა ყბის ორი კბილი და თავის ქალას ფრაგმენტები) ევრაზიის ნამარხ ხორთუმიანთა ჯგუფის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელს, მამონტს (Mammuthus Primigenius) ეკუთვნის.

მამონტი ევრაზიის ჩრდილოეთ რეგიონების ძუძუმწოვართა ფაუნის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ევრაზიაში პირველად 400,000 წლის წინ გაჩნდა და ბინადრობდა 10,000 წლამდე. სამხრეთის რეგიონებში იგი საკმაოდ იშვიათად გვხვდება (ჩრდ.ესპანეთი და ჩრდ. იტალია). წინასწარი მონაცემების მიხედვით, სოფელ მატანის მიდამოებში აღმოჩენილი მამონტის ნაშთები ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთით აღმოჩენილი ნამარხია. მისი ასაკი მერყეობს 50 000-30 000 წლის ფარგლებში.