ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

10 აგვისტო 2016
Share

ქარელის რაიონში „დედოფლის გორაზე" უკვე მეოთხე სეზონია მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულის - ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებულ მრავალფენიან ძეგლს შეისწავლის.

ბორცვის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო (ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე). ექსპედიციამ ანტიკური ხანის და ადრე შუა საუკუნეების „სასახლის" დიდი კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად „დედოფლის გორაზე" სამეფო სასახლე გამოვლინდა, რომელიც ძვ.წ. II - ახ.წ. I საუკუნეებით თარიღდება.

2016 წელს მიმდინარე ექსპედიციის ფარგლებში გათხრები სამ უბანზე მიმდინარეობდა. წლევანდელი ექსპედიციის მთავარი მიზანი ძეგლის სტატიგრაფიის (ნამოსახლარი ფენების მონაცვლეობის) დადგენა და აგრეთვე, გვიან ელინისტური ხანის სამეფოს სასახლის შიდა ეზოს აღმოსავლეთ მონაკვეთის ნაწილობრივი გათხრა იყო. სტატიგრაფიულ თხრილებში მუშაობის შედეგად ნამოსახლარ ფენაში დადასტურდა თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის მოხატული კერამიკა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უბანზე სამი სამშენებლო დონე გამოიკვეთა: ადრე ბრინჯაოს ხანის ბედენის კულტურული ფენა, შუა ბრინჯაოს ხანა და გარდამავალი ფენა.

აღმოსავლეთის თხრილში გაგრძელდა მტკვარ-არაქსის კულტურული ფენების შესწავლა, სადაც ასევე რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტი გამოიყო. წინა წლის ექსპედიციის დროს გაითხარა მტკვარ-არაქსის პერიოდის სატაძრო ნაგებობის ნაწილი, სადაც აღმოჩნდა 3 ნივთი - ერთ-ერთი იყო ხორბლით სავსე დერგი, დანარჩენ ორ ჭურჭელში კი ფიქსირდება ღვინის კვალი, რომლის რადიოკარბონული თარიღი ქრისტეშობამდე მეოთხე ათასწლეულის დასასრულს მოიცავს. წელს ამ ფენის ქვეშ მტკვარ-არაქსის კიდევ ერთი სამშენებლო ჰორიზონტი დადასტურდა. 

სტაციონალური არქეოლოგიური გათხრები სასახლეზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის ფარგლებში 1985 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში გაითხარა სასახლის 22 ოთახი და მათი დერეფნები, საიდანაც დაახლოებით 15,000-მდე ექსპონატი შეემატა ეროვნულ მუზეუმს.

ექსპედიციის შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქრისტეშობამდე II საუკუნის ბოლოს აგებული სასახლე ძლიერი მიწისძვრის შედეგად პირველი საუკუნის ბოლო მეოთხედში დაინგრა. მიწისძვრამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რამაც სასახლის ზედა ორი სართული იმსხვერპლა. მისმა ნანგრევებმა კი დაფარა პირველი სართული, საიდანაც თითქმის ვერაფრის გატანა ვერ მოახერხეს. სწორედ ამიტომ არის მონაპოვარი ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი: ავეჯი, იარაღ-საჭურველი, თიხის, მინის და ლითონის ჭურჭელი, სამკაულები, ქსოვილები, ხილი, მარცვლეული და სხვა მრავალი.  

სასახლის დანგრევის შემდეგ, დაახლოებით 200 წელი, ნამოსახლარზე არავის უცხოვრია. ახ.წ. III საუკუნის ბოლოს - IV საუკუნის დასაწყისში ახალი სამოსახლო გაჩნდა, რომელმაც VI საუკუნის ბოლომდე იარსება. მათი სახლები პირდაპირ სასახლის ნანგრევზე იყო აგებული.  რის გამოც, თავდაპირველად სწორედ ეს შუა საუკუნეების ნამოსახლარი იქნა მოხსნილი და შესწავლილი. ექსპედიციის დროს გაირკვა, რომ შიდა ეზოშიც მდგარა ხის ნაგებობები, რომლებიც აგრეთვე დაიწვა. ასევე აღმოჩენილია საქვევრე ორმოები, რომლებსაც სასახლის ეზოს ზედაპირი აქვთ ჩაჭრილი. მათი კვალი გვიანდელი რკინის ხანის ფენამდე ჩადის.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ დედოფლის გორა მრავალფენიანი ნამოსახლარია, სადაც კულტურულ შრეთა საერთო სიმძლავრე 10-14 მეტრს აღწევს.

არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან ხელმძღვანელობს იულონ გაგოშიძე, ხოლო კა-ფოსკარის უნივერსიტეტის მხრიდან პროფეროსი ელენა როვა. ექსპედიციაში ჩართულია მრავალი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. არქეოლოგიურ სამუშაოებში ასევე მონაწილეობენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები.