ქართულ-ავსტრალიური არქეოლოგიური კვლევები საქართველოში

11 ივლისი 2016
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ავსტრალიის მელბურნის უნივესიტეტს შორის  თანამშრომლობა მრავალი წელია მიმდინარეობს. არქეოლოგიაში ქართულ-ავსტრალიური კვლევების (GAIA) ფარგლებში საველე სამუშაოები  2009 წლიდან ხორციელდება. თავდაპირველად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სამთავროს ველზე და ქალაქ მცხეთის მიდამოებში.

 2012 წლიდან საველე სამუშაოები მიმდინარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე სოფელ ჭობარეთთან არსებულ ნამოსახლარ ბორცვზე, რომელიც ზღვის დონიდან 1650 მეტრში მდებარეობს. ჭობარეთის დასახლება ადრეული მტკვარ-არაქსის პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენილი შენობები ტერასულია და ნაგებია ქვისაგან.

2016 წელს მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი ზომის შენობა  (კედლის სიმაღლე 2.2 მეტრი) და  სამოცზე მეტი კერამიკული ჭურჭელი აღმოჩნდა. ნაგებობისა და არტეფაქტების ნაწილობრივ გადარჩენას ხელი შეუწყო დაახლოებით 30 გრადუსით დახრილმა მთის ფერდობმა.

ამ წელს აღმოჩენილი არცერთი ძეგლის თარიღი ჯერჯერობით რადიოკარბონული გზით არაა დადგენილი. თუმცა ჭურჭლის ტიპოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ძირითადად წითელი და შავი კერამიკითაა წარმოდგენილი და ორნამენტირებულია ორმაგი სპირალით,  არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ნაგებობა ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება.

ექსპედიციას ავსტრალიის მხრიდან ხელმძღვანელობს მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო საგონა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხიდან – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კახა კახიანი.

ამავე წელს GAIA-მ  კვლევები დაიწყო რაბათზე, სოფელ ძველში, ჭობარეთის მახლობლად მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე არქეოლოგ გიორგი ბედიანაშვილის ხელმძღვანელობით. რაბათი წარმოადგენს ბორცვს, რომელიც გარშემორტყმულია საფორტიფიკაციო კედლით, რომელიც დაარსებული იყო გვიან ბრინჯაოს ხანაში და გამაგრდა შუა საუკუნეების პერიოდში. ექსპედიციის ხელმძღვანელების თქმით, ჯერ ადრეა კულტურული პერიოდების გამიჯვნა, თუმცა ზედაპირულ ფენებზე აღმოჩენილი უხვი რაოდენობით  მასალა იძლევა იმის ვარაუდს, რომ ტერიტორია დასახლებული იყო სხვადასხვა დროს: ადრეული ბრინჯაოს ხანა (მტკვარ-არაქსის პერიოდი), ადრე ბრინჯაო–შუა ბრინჯაოს ხანა (ბედენური კულტურა), გვიანი ბრინჯაო–ადრე რკინის ხანა და შუა საუკუნეები.