არუხლოს ნეოლითური გორანამოსახლარი – ქართულ-გერმანული კვლევა

20 მაისი 2014
Share

უკანასკნელ პერიოდში ,,ნეოლითური რევოლუციის ფენომენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ,,ნეოლითური რევოლუცია" ანუ მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა ხანგრძლივი პერიოდის მომცველია და ამ პროცესის შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ პერიოდში ხდება კავკასია ევროპისა და აზიის კულტურათა დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში ამ ბოლო დროს ახალი კულტურებისა და ძეგლების აღმოჩენამ გააძლიერა ინტერესი საქართველოსა და აზერბაიჯანში აღმოჩენილი ძეგლების - შულავერის გორის, იმირის გორის, ხრამის დიდი გორის, არუხლოს, შომუთეფეს, თოირა თეფეს და სხვათა მიმართ. ეს ძეგლები ერთიანდებიან ე.წ. ,,შულავერ-შომუთეფეს კულტურის სახელწოდებით. ამ ძეგლებზე გამოვლენილი მრგვალი ნაგებობები და გარკვეულწილად კერამიკაც, თითქოს მიუთითებს მის კავშირებზე ჰალაფის კულტურასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ადგილი ჰქონდა ჰალაფის კულტურის ექსპანსიას ჩრდილოეთით, მით უმეტეს, რომ მომდევნო ეტაპზე გამოჩნდა უბეიდისა და ურუქის ნიშნები. ამ მეტად საინტერესო საკითხების საკვლევად განახლდა არუხლოს გორის გეგმაზომიერი შესწავლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების ერთობლივი, ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ.

პროექტი სავარაუდოდ 2005-2015 წლებს მოიცავს, თუმცა, სამომავლოდაც, ალბათ, გაგრძელდება. გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მხრიდან, ექსპედიციაში მონაწილეობენ: სვენდ ჰანზენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი, კატრინ ბასტერტ-ლამპრისი, მიხაელ ულრიხი, ვლადიმერ იოსელიანი. საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან პროექტში ჩართულნი არიან: გურამ მირცხულავა, პროექტის ხელმძღვანელი, გურამ ჩიქოვანი, დიმიტრი ჟვანია, ჯონი აბულაძე.

ამჟამინდელი კვლევა-ძიება გარკვეულწილად ეყრდნობა ადრე წარმოებული გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომლებშიც დიდი რაოდენობის ინფორმაციაა წარმოდგენილი. ექსპედიციის მიზანია დასახლების საწყისი ეტაპების ფიქსაცია, ნაგებობების ფორმების, სამშენებლო პროცესებისა და საამშენებლო დონეების განსაზღვრა, სავარაუდო საფორტიფიკაციო თუ სარწყავი სისტემების ფიქსაცია. გათხრების მიზანია ასევე გარემოს რეკონსტრუქციისათვის აუცილებელი მონაცემების შეკრება - ინტერდისციპლინარული მეცნიერების დახმარებითა (პალეობოტანიკა, პალეოზოოლოგია, რადიოკარბონული დათარიღება) და არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, ნეოლითური სოფლის აღდგენა და შეძლებისდაგვარად, ნეოლითური მეურნეობის ჩამოყალიბების საფეხურების დადგენა. აღმოჩენილი მასალის ლაბორატორიული შესწავლა ხდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტში. ახალი გათხრები საშუალებას მოგვცემს მასშტაბურად გავერკვეთ კავკასიაში ადრესამიწათმოქმედო კულტურის ადაპტაციის საკითხებში. აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულობა კიდევ ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველ თუ უცხოელ მეცნიერებსა თუ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ გამოცდილება პრაქტიკულ საველე და კამერალურ სამუშაოებში. ამასთან, გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ხდება გაცვლა ერთი მხრივ, ეროვნული მუზეუმისა და მეორე მხრივ, პიეტრელეს (რუმინეთი) და სარიჯარის (ტაჯიკეთი) ექსპედიციებს შორის.